არჩილ კბილაშვილი 2013 წელს აჰმედ ჩატაევის გირაოთი გათავისუფლებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს

ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე აჰმედ ჩატაევის პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს, – ამის შესახებ კბილაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ადვოკატის რანგში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

კბილაშვილმა განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის 2013 წელს გირაოთი გათავისუფლება საქმის მასალების საფუძველზე მოხდა.

„ესა თუ ის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ჩატაევის, მე ვიცოდი და პროფესიულად მქონდა შეხება. მის შინაარსზე კომენტარი უნდა გააკეთოს პროკურორმა და არა ყოფილმა პროკურორმა. ჩატაევთან დაკავშირებით, რა მოხდა მისი გათავისუფლების შემდეგ, ამაზე მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

სასამართლოს მისი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით, მივმართეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე“, – განაცხადა კბილაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ იქონია გავლენა ჩატაევის გათავისუფლების შუამდგომლობაზე თბილისში და პანკისში მიმდინარე აქციებმა, კბილაშვილმა აღნიშნა, რომ შუამდგომლობა იყო საფუძვლიანი და ეს მიმართვა ემყარებოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

„როდესაც არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, პროკურორი უნდა გამოვიდეს საქმეში არსებული მასალებიდან და არა იმ ვარაუდით, რა მოხდება ხვალ, ზეგ და მაზეგ. არავინ ვიცით, რომელი ადამიანი სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ რას ჩაიდენს“, – განაცხადა კბილაშვილმა.

22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციაზე ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა დეპუტატებმა სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება გამორიცხულია