„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის წარდგენისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების ნამოქმედარი არაკონსტიტუციურად უნდა შეფასდეს და აღნიშნული სუბიექტები უნდა აიკრძალონ.
გორდულაძის განმარტებით, დასახელებული პარტიები 2012 წლის შემდეგ ერთობლივად და ცალ-ცალკე უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, აკრძალვა ეხება იმ ახალ პარტიებსაც, რომლებიც 2012 წლის შემდეგ შეიქმნენ, რადგან ისინი 2003-2012 წლების რეჟიმის დანაშაულებს არ ემიჯნებიან და მათთან კოალიციაში შედიან.
„წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ“, — განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვით „დემოკრატია დაიცავს საკუთარ თავს“, ხოლო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმ ადამიანებს, რომლებიც ხალხის გადაწყვეტილებებს ცემენ პატივს.















