არჩილ გამზარდია- „ირაკლი კობახიძის მარგალიტები“

“ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები,“ – ასეთი შეფასება გააკეთა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. თუმცა ეს მარგალიტი მის გამოსვლაში ერთადერთი არ ყოფილა, შევნიშნავ, სამწუხაროდ. არათავდაჯერებული, დაბალი თვითშეფასების მქონე მოქალაქე სპიკერმა კიდევ მეტი მარგალიტი დაუმატა თავის ტექსტებს, ისე, რომ დაავიწყდა კიდეც, თავად პარტიის უბრალო აქტივისტი კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

“ცდილობენ თავის წამოყოფას, ჩვენი ამოცანაა, როგორც კი თავს წამოყოფენ, ჩავარტყათ თავში“, – ეს მარგალიტი უკვე ოპოზიციური პარტიის მისამართით გამოთქვა, თუმცა, არც ეს იყო საკმარისი, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც, ჩანს, მეტად უცნაური იუმორის გრძნობაც ჰქონია, „ქართული ოცნების“ მისამართით განაცხადა – წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს არც ერთიო. ამ უცნაურ იუმორისტულ ფრაზას გუშინდელს მერე ჩვენი მოსახლეობა დრამატურგიული სიცილით იხსენებს. კიდევ ერთი მარგალიტი სხვა მრავალ მარგალიტს შორის, ირაკლი კობახიძემ ომეგა ჯგუფს მიუძღვნა – „თუ შენ ფული არავისთვის არ გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უცნაური კია, საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს რომ ელემენტარული კანონის უცოდინრობა დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი კია, რომ კობახიძეს დაავიწყებინეს ელემენტარული საკითხი – სახელმწიფოს რომ ერთ ფინანსურ აქტზე რესტრუქტურიზაციის უფლება ერთხელ აქვს, ასევე არაფერი თქვა ირაკლი კობახიძემ იმის შესახებ, წელიწადნახევრის წინ შეტანილი განაცხადის შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ არ შეიკრიბა რესტრუქტურიზაციის საბჭო, მაშინ როდესაც ამის ვალდებულება ორი თვის ვადაში ჰქონდათ? გამოდის, პრალამენტის თავმჯდომარე მზადაა, პარტიულ პროპაგანდას თავისი კომპეტენციაც შესწიროს და თქვას ის, რაც კანონში არ წერია, ამით კი სრული უვიცობა გამოავლინოს, თუმცა, ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ არ მჯერა, პარლამენტის თავმჯდომარე კანონებში ვერ ერკვეოდეს, შესაბამისად, გვრჩება პარტიული პროპაგანდა, რომლის სპიკერიც ნამდვილად გამოდის ირაკლი კობახიძე – პარტიული პროპაგანდის სპიკერობას ვგულისხმობ.

რაც შეეხება, ბიზნესზე ზეწოლას – კომპანია “ალგორითმი”, “ბერტა”, წეროვანის მეურნეობა, ომეგას სიგარეტის ფაბრიკა. დაცვის სამსახური თორნი, დაცვის სამსახური გიგანტი სექიურითი, ლოპოტას ველი, მესხური სახლი, ღვინის კომპანია შატო თელავი, ჯეო ქონსთრაქშენი და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბიზნესკომპანიებისა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მეტად საეჭვო ვითარებაში განადგურდნენ, მაშინ, როდესაც წარმატებულ ბიზნესკომპანიებად ითვლებოდნენ.

თუმცა, ამ იუმორში ერთი უმძიმესი ფრაზაც წამოსცდა პატარა დიქტატორს ირაკლი კობახიძეს, სასაცილოა ჩანაწერებიო განაცხადა ზუსტად ისე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ ციხის ჩანაწერებზე.

„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო დაისი – ასე უწოდა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგა პოლიტოლოგმა ხელისუფლების ბოლო პერიოდის ქცევებს, იმედი მაქვს, ეს დაისი მშვიდობიანი იქნება და არ მოგვაყოლებს წარღვნაში.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროსთან სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაკარტოზიას ქუჩაზე მოსახლეობა 27- სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს