არჩილ გამზარდია: გარეჯი – საფრთხე თუ შესაძლებლობა

ქაოსი.

ერთი სიტყვით, ალბათ ასე შეიძლება შევაფასოთ ის, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ქაოსი, რომლის ფესვებიც ბევრად უფრო ღრმაა და რომელშიც ბევრად უფრო მეტი ინსტიტუციაა ჩართული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღევანდელი სიტუაციის მართვასა და მოგვარებაზე კი არ არის პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული, არამედ უფრო სიტუაციით სარგებლობაზე.

მაგალითად, ხელისუფლება ცდილობს ისარგებლოს ვიწრო პარტიული, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით, სხვა მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიაში გაუგებარია ისეთი თემების ამოწევა, როგორიც საქართველო-აზერბაიჯანის სადაო ტერიტორიაა. რატომ დღეს? რატომ პოლიტიკური ელფერით? რატომ წინა მმართველ პარტიასთან მიმართებაში? – შეკითხვები, რომლებიც თან თითქოს არსებითია, თან რიტორიკულიც, რადგან საკმაოდ მკაფიოდ მოჩანს ამ პროცესში არჩევნების შედეგებზე ზემოქმედება.

თუმცა… ღირს კი? რამდენია არჩევნების შესაძლო თეორიული დივიდენდი გაზრდილ საფრთხეებთან? იმ დროს, როდესაც უკვე არსებულ პრობლემებთან გამკლავება ჭირს, თითქოსდა ხელოვნურად შემოდის დამატებითი საფრთხეების მთელი კასკადი. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტორს, სულ რომ რამდენადმე მართალიც იყოს ხელისუფლების ვერსია გარეჯთან მიმართებაში, რა შედეგების მიღწევას ცდილობს ხელისუფლება ამით და რას მიიღებს ამით სახელმწიფო? აქვს კი დღეს სახელმწიფოს იმის რესურსები, დაიცვას სახელმწიფოებრივი ინტერესები? და თუ არ არსებობს მსგავსი რესურსები, მაშინ რისკენ მიაქანებს ხელისუფლება სახელმწიფოს?

საზოგადოებაში ჩნდება ურთიერთგამომრიცხავი პასაჟები. ერთის მიხედვით, ხელისუფლების ქმედებები ლეგიტიმურია და ეფექტური პერიოდია, ისარგებლოს საქართველომ იმავე ლეგიტიმური მოტივით ტერიტორიებთან მიმართებაში, რა ლეგიტიმაციითაც დღეს აზერბაიჯანი მოქმედებს ყარაბაღში – კერძოდ, საერთაშორისო სამართლით. ამ ლოგიკის მიხედვით, აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს ის ტერიტორიები, რაზეც მისი დავის, უკვე კი ომის ლეგიტიმაცია აქვს, ხოლო დააბრუნოს ის ტერიტორია საქართველოში, რაზეც მას ლეგიტიმაცია არ აქვს.

მაგრამ… სად არის ჩვენს შემთხვევაში საერთაშორისო სამართალი და მისი ოფიციალური, დეკლარირებული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოქმედებისთვის? ეს უკანასკნელი ჯერ არ ჩანს, რაც თავისთავად მთელ ამ ლოგიკას ანგრევს.

კიდევ ერთი პასაჟის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებებს, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა უჩნდებათ, ამგვარი ტერიტორიული ფაქტორებით ცდილობს სახელმწიფოში საზოგადოებრივი პროცესების სხვა ვექტორით წარმართვას და ძალაუფლების შენარჩუნებას. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეული ნაწილი წინა ხელისუფლების დროს რუსეთს ასახელებს, დღევანდელი ხელისუფლებისათვის კი უკვე აზერბაიჯანს. ამ ვერსიის მიხედვით, საქართველო კარგავს ტერიტორიებს, რომლის ხარჯზეც შესაბამისი პოლიტიკური ძალები დროებით ახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას.

კიდევ ერთი ვერსიით კი, პროცესი ვიწრო პოლიტიკურ ჩარჩოებში რჩება და ამ პროცესების წამოწევით „ქართული ოცნება“ პრიმიტიულად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას მის მიერ აღიარებული მთავარი მეტოქის „ნაციონალური მოძრაობის“ მაქსიმალური შევიწროებით.

ლოგიკაც და აბსურდულობაც ამ და სხვა ვერსიებს პარადოქსულად თანაბარი აქვს, რაციონალური აზრის გამოტანა კი კიდევ უფრო რთულდება.

უცნაური ხდება ამ მოვლენებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით მოქმედი საპატრიარქოს როლიც. როგორც ჩანს, დღევანდელი მოცემულობით, საპატრიარქომ ჩაანაცვლა სინოდი, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ქმნის და გამოხატავს არა სინოდი, რომლის საერთო გადაწყვეტილებები უნდა იყოს ეკლესიის გადაწყვეტილება, არამედ საპატრიარქო, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციაა. უცნაური კი ის არის, რომ ეპისკოპოსები ამგვარ იგნორზე არაფერს ამბობენ და ცხადია, არც აპროტესტებენ.

 

არჩილ გამზარდია

banner
წინა სტატიაშირუხის საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა პაციენტმა დატოვა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის დაბრუნებას გეგმავს