არჩილ გამზარდია: გახარია საერთოდ არ არის ეფექტური კრიზის–მენეჯერი

“პრემიერის მიერ კრიზისის დაძლევის გეგმა შეიძლება არ ჩაგვეთალა წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად, რომ არა ის ფორმა, როგორითაც წარმოადგინა ეს გეგმა გიორგი გახარიამ და, ზოგადად, ხელისუფლებამ. იგი დაახლოებით იმ ტიპის აქტივობებს გულისხმობს, რასაც ჰქონდა ადგილი წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ანუ სახელმწიფო თანხების მობილიზებით მოსახლეობაში მადლიერების და ხელოვნური კმაყოფილების გამოწვევა. პრემიერის ანტიკრიზისულ გეგმაში მთელი რიგი ფაქტორებისა არ არის გათვალისწინებული”, –აცხადებს “თაიმერთან” საუბარში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი არჩილ გამზარდია.
აი, მაგალითად, ეს არის რეგიონების მიმართ სრულიად გაუაზრებელი და გაუგებარი პოლიტიკა. ერთის მხრივ, იგი სოფლის ხელშეწყობაზე ლაპარაკობს, ხოლო მეორე მხრივ – ყველანაირ პირობას კლავს, რომ დღეს მოქალაქეებმა სოფლებში რაღაც აქტივობა მოახერხონ. შესაბამისად, ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოზიციები ურთიერთგამომრიცხავია.
სინამდვილე კი აბსოლუტურად განსხვავებულია. გეგმის ცალკეულ ნაწილებს ანტი–მოქალაქეობრივი ხასიათი აქვს და პოპულისტურად გამოიყურება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას უფრო პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს, ვიდრე ადამიანების გულწრფელი და გონივრული დახმარება.
ფინანსური რესურსების ნაწილში კიდევ შესაძლებელია, რომ ხელისუფლების ლოგიკას გავყვეთ და ვთქვათ, რომ რაღაც საწყის ეტაპზე მსგავსი აქტივობების იქით რესურსები არ არის, თუმცა აქაც არის შეკითხვები. მაგალითად, რატომ არ არის გარკვეული თანხები თან მიმართებით, არ ჩანს მიზნების გამჭვირვალობა, არ ჩანს, რომ მოქალაქეებზე არის ორიენტირებული.
ჩვენს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ვალდებულებები აქვს აღებული და ამაზე ჩვენი საზოგადოება ნაკლებად ლაპარაკობს. კონსტიტუციურ ვალდებულებაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც მოქალაქის პარალიზებას ახდენს, შესაბამისად, მის ვალდებულებებს თავად უნდა იღებდეს. ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. ისე საღდება პროცესი, თითქოს ეს მისი კეთილი ნება იყოს, თითქოს მთავრობის წევრები თავიანთი ჯიბიდან დებენ ფინანსებს. სინამდვილეში, ეს მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ ადამინებს შეუქმნას სასიცოცხლო პირობები.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ წინა თვეში გაზის ლიმიტს გადააჭარბეს, უფრო მეტი მოუვიდათ და რომ დააკვირდნენ, ნახეს, რომ 30–დღიანი მონაკვეთიდან კი არ იყო მაჩვენებელი აღებული, არამედ 35-36 დღიდან. ვიღაცამ 205 კუბი დაწვა, ვიღაცამ კი 210 . შესაბამისად, ეს ე. წ. სახელმწიფო დახმარების გარეშე რჩებიან. აქედანაც ჩანს, რომ პროცესის მართვა გულგრილად ხდება. დაინტერესებული არაა ხელისუფლება, რომ მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა შექმნას, თუნდაც ამ სახელმწიფოს შესაძლებლობის ფარგლებში.
–ამ ყველაფერს ერთად აღებულს რა ჰქვია?
ეს არის უფრო ფასადური და არა გულწრფელი ნაბიჯი, არა ორგანული, არამედ პოლიტიკურ პოპულიზმში შეფუთული და წინასაარჩევნოდ გათვლილი. ეს არის ხელოვნური ფსევდო მიდგომებით მოქალაქეთა იძულებით მადლიერებაზე აგებული მოვლენა. ხელისუფლება არ ითვალისწინებს მოქალაქეთა ინტერესებს. გახარია საერთოდ არ არის ეფექტური კრიზის–მენეჯერი. იგი არ აწარმოებს მიზნობრივ პოლიტიკას . მიზნობრივად უნდა მიუდგეს რეგიონს, სოფელს, ქალაქს, ადამიანურ საჭიროებებს და ისეთი აკრძალვები დატოვოს მხოლოდ, რომელიც ამ ჯანდაცვის კუთხით საფრთხეებს ჰქმნის… და არა იმ ნაწილში, სადაც ადამიანს, ვთქვათ, ორი შვილი ვერ ჩაუსვამს მანქანის უკანა სავარძელში გვერდიგვერდ.
ასეთი პოლიტიკა ადრე თუ გვიან იფეთქებს. ამას კიდევ ემატება ის გარემოება, რომ დღეს ხელისუფლებას აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. ჩვენ ვნახეთ ორი შემთხვევა პოლიტიკური აქტივობისა: ერთი გოგი წულაიას უკავშირდება და მეორე “გირჩს“. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ მოექცა მათ ხელისუფლება ანუ სრული ძალაუფლებაა მის ხელში, ხოლო ჩვენ კანტიკუნტად მედიასთან ურთიერთობით თუ სოციალური მედიით ვცდილობთ პროტესტის გამოხატვას. ეს დაახლოებით ქინძისთავის ჩხვლეტას მივამსგავსე, ისიც ძალიან უმტკივნეულო ჩხვლეტას. გარდა ამისა, ხელისუფლების დაქირავებული პროპაგანდისტული მონსტრი, მედიაში და სოციალურ მედიაში მძიმე ვითარებას ჰქმნის და ადამიანებში ნელ–ნელა შიშის ფაქტორიც ისადგურებს, რადგან საკუთარი აზრის გამოხატვისას თავს დაესხმებიან სახელისუფლებო ნაკადის წარმომადგენლები და დაქირავებული პირები.

ჩვენი მიზანი არ არის აფეთქებები მოხდეს და ქვეყანა რევოლუციებისა და აჯანყების რეჟიმში გადავიდეს, რომელსაც მძიმე ფასი აქვს ხშირად. ჩვენი თვითმიზანია, ხელისუფლებამ ანგარიშვალდებულად იგრძნოს თავი და არსებობდეს სამოქალაქო პოლიტიკური წინააღმდეგობა, რომელზეც ხელისუფლება რეაგირებს მოახდენს და რომელიც ამ წუთში საერთოდ არ გვაქვს, რადგან საგანგებო ვითარებისაა ქვეყანაში ხელისუფლების იქით არანაირი უფლება არ არის. ამიტომ ხელისუფლება ტოტალიტარულ მართვის რეჟიმში გადავიდა, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს თითოეული ჩვენთაგანისათვის-განაცხადა “თაიმერთან” საუბარში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტმა არჩილ გამზარდიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: ქვეყანაში დღეისთვის 12 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია გაკეთებული, ხუთი ათასზე მეტი კი სწრაფი ტესტია ჩატარებული
შემდეგი სტატიაპოლიცია თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს