“არჩევნებზე მშვიდი და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის, სამართალდამცველების მობილიზებული ქმედებები გამოიკვეთა”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, მშვიდი და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის, სამართალდამცავი ორგანოების მობილიზებული ქმედებები და საარჩევნო სუბიექტების წვლილიც გამოიკვეთა.

როგორც ნაცვლიშვილმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურის განმავლობაში, ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე, უბნების დარბევის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

მისი თქმით, ასევე, უნდა აღინიშნოს საარჩევნო სუბიექტების წვლილი დაძაბულობისა და ძალადობრივი ინციდენტების პრევენციის კუთხით.

„საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველმა ნება ძირითადად თავისუფლად გამოხატა. პრობლემური იყო მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები. დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ადამიანების ხმის ხელახლა მიცემის მცდელობის ფაქტი, ამომრჩევლის ნების განსხვავებული ფორმით გაკეთების რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად, ბიულეტენების ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შემოხაზვის ფაქტები.

ასევე, დამკვირვებელთა მიმართ მუქარის, ხელის შეშლის და უფლებების შეზღუდვის შემთხვევები, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების მონაცემების სიზუსტის პრობლემებიც დაფიქსირდა. გამოიკვეთა ფიზიკური შეურაცხყოფის ერთი ფაქტი გორში და მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი ბათუმში“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, განსხვავებით პირველი ტურის კენჭისყრისგან, მეორე ტურზე ხმის დათვლის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა

გუშინ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

banner
წინა სტატიაშინატაშა კარალიოვას უკრაინაში 5 წელი არ შეუშვებენ
შემდეგი სტატიაივანკა ტრამპი: მამამ იუდაიზმის მიღებაში მხარი დამიჭირა