არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში პირველმა რეგისტრაცია ლევან მამალაძის პარტიამ გაიარა

ceeskoპირველი პარტია, რომელიც ცესკო-ში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირდა, „სახალხო ხელისუფლებაა“. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი და მხარდამჭერი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ძებნილი ლევან მამალაძეა.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ გაატარა. მათივე ინფორმაციით, პარტია პირველად დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

ცესკო-ს ცნობით, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არ ჰყავთ წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში, ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – მუხლი 113, პუნქტი 1, „ბ“ ქვეპუნქტი), რის შემდეგაც მხარდამჭერთა სიები უნდა წარმოადგინონ.

„კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.

პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული.

ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

banner
წინა სტატიაში„მასტერა“ მზად არის სასამართლოსთან ითანამშრომლოს
შემდეგი სტატიაბრიუსელში უკრაინაში რუსი სმახედროების დანაშაულებებზე მოხსენება გააკათეს