პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა-არგასვლასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიაში მიუღებელია სიტყვა “ღალატის” გამოყენება, რადგან არჩევნებზე გასვლა სტრატეგია არ არის და ტაქტიკაა. მისი შეფასებით, ღალატი გამოიყენება სტრატეგიის უარყოფის შემთხვევაში:
გია ნოდია წერს:
“მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილოება ან არმონაწილეობა არ არის სტრატეგიული საკითხი.
სტრატეგიული საკითხებია: საქართველოს მშვიდობიანი განვითარება, მისი ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცება, ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის დამყარება, ქვეყნის დასავლური ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად ქცევა.
სულ მცირე სამი ბოლო მიზნის მისაღწევად აუცილებელია არსებული პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა, ამიტომ ესეც სტრატეგიული ამოცანაა.
მაგრამ კონკრეტულად რა მეთოდებით შეცვლი რეჟიმს, ან როგორ შეინარჩუნებ თავისუფლების მინიმუმს, სანამ რეჟიმის შეცვლას შეძლებ, ტაქტიკაა. პარლამენტის ბოიკოტი თუ არაბოიკოტი, წულუკიანის კომისიაზე მისვლა-არმისვლა, არჩევნებში მონაწილეობა თუ ბოიკოტი ტაქტიკაა.
რატომაა ეს განსხვავება მნიშვნელოვანი? აშკარა გახდა, რომ ზოგი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას მოახლოებულ არჩევნებში, ზოგი კი – არა. ბუნებრივია, რომ თავად პარტიები ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და საკუთარ პოზიციებს ემოციურად იცავენ.
პრინციპულად არაფერს ვიტყვი იმაზე, რომელი პოზიციაა ამ შემთხვევაში სწორი. მთავარი სხვა რამეა. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ მიუღებელია ამ დისკუსიაში სიტყვა „ღალატის“ ხმარება. ამ სიტყვას ზოგადად ვუფრთხი, მაგრამ თუ მაინცდამაინც მისი გამოყენება გვინდა, ის მას შეიძლება მივუყენოთ, ვინც ჩამოთვლილ სტრატეგიულ მიზნებზე აშკარად ამბობს უარს.
ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, არც ნაკლებად პატრიოტია, არც ნაკლებად დემოკრატი, არც ნაკლებად ოპოზიციონერი. იგივე ეხება იმას, ვინც ბოიკოტის პოლიტიკას აირჩევს”, – წერს გია ნოდია ფეისბუქზე.