არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის მზად საქართველო დემოკრატიის ამ გამოცდისთვის – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანებს საშუალება ექნებათ, სასურველ კანდიდატებს ხმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მისცენ.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა.

“ეს არის დრო, როდესაც პოლიტიკოსები, კომენტატორები, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები უნდა იყვნენ ჩუმად, ხოლო ამომრჩევლები გამოვიდნენ საარჩევნო უბნებთან და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ბოლო რამდენიმე კვირის და მე ვიტყოდი ბოლო 24 საათის განმავლობაშიც, ჩვენ ვიხილეთ პოლარიზაციის ის დონე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან სამწუხაროა. თუმცა, ერთი რამ, რაშიც ყველა პოლიტიკური მოთამაშე თანხმდება, არის ის, რომ ადამიანები უნდა გამოვიდნენ საარჩევნო უბნებთან და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება მშვიდი, წყნარი და უსაფრთხო გარემო, რათა ადამიანებს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებისთვისაც იქნება უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, როგორც საქართველოს მეგობარს, სჯერა, რომ ეს იქნება დღე, როდესაც დემოკრატია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იზეიმებს.

“ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები და მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის მზად საქართველო დემოკრატიის ამ გამოცდისთვის. ხვალ ჩვენ მოვისმენთ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, მათ შორის ოდირისგან და ევროკავშირისგან, მათ ვერდიქტს”, – თქვა მან.

ჰარცელი ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, საარჩევნო პროცესს საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე აკვირდება.

წინა სტატიაშიანა დოლიძე: მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას- სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება
შემდეგი სტატიაშსს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს