არჩევნებით საქმე არ დამთავრებულა, არჩევნებით საქმე დაიწყო – დავით უსუფაშვილი

არჩევნებით საქმე არ დამთავრებულა, არჩევნებით საქმე დაიწყო. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ ჩვენ ვერ გადავდგით ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, სახელმწიფოს ფუნდამენტის გამყარებისკენ, რაც დაგეგმილი იყო 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ ვერ მივიღეთ უფრო მრავალპარტიული და უფრო ეფექტური პარლამენტი, მაგრამ მივიღეთ პარლამენტი, რომელსაც აქვს საშუალება იყოს ძალიან პროდუქტიული და ეფექტურიც, მაგრამ აქვს ხიფათი, რომ იყოს მეტი შეცდომის დამშვებიც, იმ კომპოზიციიდან გამომდინარე, რაც პარლამენტში შეიქმნა, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ხვალიდან თითოეული პოლიტიკოსის თაობაზე პირადი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იმსჯელებს.

მისივე თქმით პარლამენტში შეიქმნა ვითარება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ერთ ძალას, ხოლო მეორე ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არის ოპოზიციური ძალა, მაგრამ ის არ და ვერ ასრულებს პარლამენტში, საზოგადოებაში საჭირო როლს, რადგან სახელისუფლებო ძალასა და ამ პოლიტიკურ პარტიას შორის არის იმხელა უფსკრული, რომ ამ უფსკრულის გადალახვა არის პრინციპულად შეუძლებელი.

„აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა, ამიტომ ჩვენ პარლამენტში ვერ მივიღეთ კონკურენტი პოლიტიკური ძალები. წინმსწრებად ცნობილია, რომ რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“ ეს იქნება „ნაციონალების“ მიერ ჩათვლილი ოლიგარქის მესიჯად და პირიქით, რაც არ უნდა თქვას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს იქნება „ოცნების“ მიერ ჩათვლილი სისხლიანი მმართველობის წარმომადგენლის ნათქვამი და ამიტომ არ გისმენთ. ეს ვითარება არის სახეზე და ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური ოპონირება ვერ ბადებს სათანადო შედეგს, არადა პარლამენტი სწორედ ასეთი ადგილია”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინ პარლამენტშიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ, „ქართული ოცნება” კოალიციით იყო წარმოდგენილი და ეს გარკვეულწილად აბალანსებდა იმ მინუსებს, რასაც ერთპარტიული მმართველობა ჰქვია.

„დღეს მივიღეთ ის სურათი, რაც გვაქვს, ეს დამატებით ტვირთს აკისრებს პარლამენტის ხელმძღვანელს, ფრაქციების, უმრავლესობის ხელმძღვანელს და მე მინდა, მათ ვუსურვო, გაუმკლავდნენ ამ რეალობას. მე ყოველთვის ვიქნები დაინტერესებული ყველა მოქმედი ხელისუფლების წარმატებით. მიუხედავად იმისა, მე მისი თანამონაწილე, თუ ოპონენტი ვარ, ახლაც ვიქნები დაინტერესებული „ოცნების“ ხელისუფლების წარმატებით და ვიქნები მოტივირებული იმაზე, რომ წარმატებულ გუნდზე უკეთესი პოლიტიკური ძალის ფორმირებაში მივიღო მონაწილეობა და წარმატებულზე უკეთესი ხელისუფლება მოვიდეს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება, რომ ახალ ხელისუფლებას მიეცეს გარკვეული ვადა, რათა თავისი სახე აჩვენოს.

„მე არ ვიქნები ჩასაფრებულის პოზიციაში, მაგრამ საზოგადოებასთან ერთად დაინტერესებული ვიქნები, რა იქნება და როგორ. პარლამენტი როგორც ინსტიტუტი არის სრულ მზადყოფნაში, რათა ხვალ პირველი სხდომა ჩატარდეს. ახალ სიტყვა უკვე ახალ პარლამენტზეა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.