პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, “საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა”.
“ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.
პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს” – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა, რომელიც მმართველი გუნდის მტკიცებით, “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.
ამნისტიის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 1 000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
კანონით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.