„არჩევნების შემდეგ მაინც არ ვიქნებით“, – მაია ცქიტიშვილი გუდაურის ტენდერში წაგებულ კომპანიას გამარჯვებულად აცხადებს?!

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 13 ნოემბერს გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, რომ  „სამინისტროს ბიუჯეტი 150 მილიონი ლარით იზრდება“ და  ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებად წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება დაასახელა:

„2013 წლიდან სამინისტროს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 430 ათას ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტებით კიდევ, დამატებით, 200 ათასიდან 400 ათასამდე ოჯახს გაუუმჯობესდებათ წყალმომარაგება… რაც შეეხება მოსახლეობას, რეგიონებში 600 ათასი აბონენტისთვის ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელი გვაქვს წყალგაყვანილობის სამუშაოები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სამუშაოებს ვახორციელებთ მუდმივ რეჟიმში. ამ მიმართულებით დიდი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდში და ქუთაისში. სამუშაოები წყალმომარაგების კუთხით სრულდება კახეთში, იმერეთსა და გურიაში“. მინისტრის ინფორმაციით, მარნეულსა და დმანისში ტენდერში გამარჯვებული კომპანია დასახელდება, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში სამუშაოებს დაიწყებს. 2019-2020 წლებში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო წყალგაყვანილობის ქსელის მოსაწესრიგებლად 500 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს“.

მოკლედ, მაია ცქიტიშვილმა ილაპარაკა ყველა იმ ტენდერზე, რომელთა შესახებ „თაიმერი“ უკვე რამდენიმე თვეა წერს. ჩვენ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოვაქვეყნეთ იმ დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რასაც ადგილი ჰქონდა ამა თუ იმ ტენდერში. განსაკუთრებით „საინტერესოდ“ გამოიყურება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალანირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სადაც გამარჯვებულ კომპანია „ალკე-აზერბაიჯანს“ თაღლითობაში ადანაშაულებს თურქული კომპანია „ალკე-თურქეთი“. ჩვენ ვწერდით:

„მარნეულის ტენდერში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „ალკე-თურქეთი“. კომპანიამ, რომელიც დაარსებულია 1954 წელს, აღმოაჩინა, რომ „ალკე-აზერბაიჯანს“ სატენდერო შესრულებაში „ალკე-თურქეთის“ მონაცემები აქვს ჩაწერილი. მარტივად რომ ვთქვათ, „ალკე-აზერბაიჯანმა“ „ალკე-თურქეთს“ მოპარა 1954 წლიდან 2016 წლამდე შესრულებული ყველა სამუშაო და საკუთრად გაასაღა. ამას, კანონმდებლობა თაღლითობად აფასებს და სათანადო სასჯელიც არსებობს, სხვათა შორის, თაღლითობის მუხლი ამნისტიასაც კი არ ექვემდებარება, მაგრამ მაია ცქიტიშვილმა „ღვთის წყალობად“ მიიღო ის, რომ ერთ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას დოკუმენტაციაში ერთი და იგივე შესრულებული სამუშაო ჰქონდა მითითებული და რაც მთავარია „ალკე-აზერბაიჯანი“ იმდენად „მონდომებული“ ჩანდა თავისი თაღლითურად გაყალბებული დოკუმენტაციებიდან, რომ ცქიტიშვილმა კომპანიის „ბრწყინვალებას“ მაშინაც კი ვერ გაუძლო, როცა „ალკე-თურქეთმა“ აცნობა „მაკარ გატყუებენო“. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უამრავ კითხვას ბადებს: როგორც მოგახსენეთ, ტენდერი გამოცხადდა 2016 წელს. გამოცხადებიდან მალევე ჩაიშალა, იმჟამინდელმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, განაცხადა, რომ ტენდერის პირობებში შეეტანათ ცვლილებები და მარნეულის მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებაც დაემატებოდა. ეს ერთი შეხედვით „ჰუმანური აქტი“ ნებისმიერს აღაფრთოვანებს, რომ არა ერთი „ფანჯარა“: ტენდერი მეორედ გამოცხადდა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 2016 წელს შექმნილმა კომპანიამ „ალკე-აზერბაიჯანმა“. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ მარნეულის 75 მილიონდოლარიანი ტენდერის გამო შეიქმნა სასწრაფოდ „ალკე-აზერბაიჯანი“, რის საფუძველსაც იძლევა ტენდერში, ახლადჩამოყალიბებული კომპანიის გაყალბებული დოკუმენტაციით გამარჯვება. როგორც აღვნიშნეთ, „ალკე-თურქეთმა“ ცქიტიშვილს აცნობა არსებული კრიმინალის შესახებ და დამატებით წარუდგინა, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ ქვეყანაში გამოცხადებული მსგავსი ტენდერის დოკუმენტაცია, სადაც „ალკე-აზერბაიჯანი“ „ალკე-თურქეთისთვის“ მოპარული შესრულებული სამუშაოს ხარჯზე აპირებდა ტენდერის მოგებას. იმხანად, ამის შესახებ „ალკე-თურქეთმა“ აცნობა მსოფლიო ბანკს (რომელიც პროექტს აფინანსებდა) და სამუშაოს დამკვეთ ქვეყანას, რის შემდეგაც „ალკე-აზერბაიჯანი“ დისკვალიფიცირებულ იქნა. რას წარმოიდგენდა „ალკე-თურქეთი“, რომ „ევროპული გაგების“ „სანთლით მოძებნილი“ მაია ცქიტიშვილი ყველა ამ დოკუმენტაციას ურნაში თუ მოისროდა და „ალკე-აზერბაიჯანს“ გამარჯვებულად გამოაცხადებდა?“

და, მიუხედავად ამისა, „ალკე-აზერბაიჯანი“, როგორც ვწერდით, სწორედ იმ მეთოდით და იმ ვადებში,  მაია ცქიტიშვილმა გამარჯვებულად გამოაცხადა. ცქიტიშვილი არ შეუშინდა მოსალოდნელ სკანდალს, მეტიც, ძველს ახალი დაამატა და გუდაურის საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა და ასევე, გუდაურის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი სისტემის მშენებლობა „გადაულოცა“ ამავე ტენდერში მესამე ადგილზე გასულ კომპანიას „ლუდვიგ ფაიფერი“.

რატომ „ლუდვიგ ფაიფერი“? საქმე ისაა, რომ ამ კომპანიამ, თავის დროზე, მოიგო ზუგდიდის წყალანირების ტენდერი, ასევე ფოთის კანალიზაციის გამწმენდის მშენებლობის ტენდერი მოიგო ანაკლიაში, ურეკში, მესტიაში, რაც ვადაგადაცილებით ძლივს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) დაასრულა, ვადაგადაცილებით ასრულებს ზუგდიდში ანალოგიურ სამუშაოებს. ასეთ ფონზე, მაია ცქიტიშვილმა გუდაურის, საკურორტო ზონის, ორი ტენდერი „გადაულოცა“ მესამე ადგილზე გასულ კომპანიას. სამინისტროს კულუარებიდან „თაიმერისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით გუდაურის ტენდერში გამარჯვება „ლუდვიგ ფაიფერმა“ გამარჯვების ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამინისტროს მესვეურებთან ერთად, აღნიშნა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ტენდერში პირველ ადგილზე აზერბაიჯანული კომპანია გავიდა, მეორე ადგილზე – ჩინური, მესამე კი „ლუდვიგ ფაიფერს“ ხვდა წილად, რომელზედაც ამბობენ, რომ არის გერმანული კომპანია, სინამდვილეში კი ამ კომპანიის მმართველობა გადაცემულია სერბებზე.

რა ნიშნით შეარჩია და გამოაცხადა გამარჯვებულად, მაია ცქიტიშვილმა არა ერთი ტენდერის ვადაგადაცილებით და სავარაუდოდ უხარისხოდაც, შესრულებული სამუშაოების ჩამბარებელი კომპანია, რომელიც კანონით დადგენილი ნორმით პირველ კი არა, მესამე ადგილზე გავიდა გუდაურის ტენდერში? სამინისტროს კულუარებიდან მოწოდებული ინფორმაციით ამ კომპანიასაც, ისევე როგორც „ალკე-აზერბაიჯანს“ ლობირებს აზიის განვითარების ბანკის წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენელი და კურატორი მასიმო პეტრონე და წყლის კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „თაიმერმა“ კითხვებით მიმართა  მაია ცქიტიშვილს და ეკატერინე გალდავას (წერილი ცქიტიშვილის და გალდავას ელფოსტაზე გადავუგზავნეთ), თუმცა პასუხები ჯერ არ მიგვიღია. ამასობაში, კი ვარკვევთ, რომ წყლის კომპანიაში, სწორედ იმიტომ რომ ტენდერებში საქმეების მსგავსად „დალაგების“ და როგორც კვაჭი კვაჭანტირაძე იტყოდა „გაიმასქნების“ გამო, წყლის კომპანიას არ გააჩნია ფინანსური რესურსი, რის გამოც სახეზე გვაქვს გაუცემელი ხელფასები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამინისტროში „ზემოთ გადაწყდა“ – არჩევნების შემდეგ მაინც არ ვიქნებით და ბარემ ახლა გავჩარხოთ საქმეებიო და სწორედ ამიტომაა რომ მაია ცქიტიშვილი გამარჯვებულ კომპანიებს დამარცხებულად აცხადებს, დამარცხებულები კი რატომ და რა „მანქანების“ წყალობით იგებენ ტენდერებს, ამაზე დასკვნები მკითხველისათვის მიგვინდია.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტურისთვის გამოყოფილი თანხის გამოყენების წესის განსაზღვრა – ცესკო-მ დადგენილება მიიღო
შემდეგი სტატიაუკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა