“არჩევნების შედეგების მიღება ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა, მსურს, მივულოცო ყველას, ვინც მერად და საკრებულოს წევრად აირჩიეს”

აუცილებელია, სისუსტეებს მიექცეს ყურადღება, ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარადგინეს შეფასებები საქართველოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება. მათ დაინახეს ბევრი კარგი გაუმჯობესება. დამკვირვებლებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ბევრ სისუსტეს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. აუცილებელია, ამ სისუსტეებს მიექცეს ყურადღება და ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა. მსურს, მივულოცო ყველას, ვინც მერად აირჩიეს, ვინც საკრებულოში აირჩიეს. ვუსურვებ მათ წარმატებას საქმიანობაში, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მუნიციპალიტეტთან იმუშაოს აქტიურად და ნდობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

მისი თქმით, დამკვირვებლებმა სისუსტეებს შორის აღნიშნეს ძლიერი პოლარიზაცია.

„როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, სისუსტეები მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, შეუსაბამო მეტყველებას, რომელიც არ შეესაბამება კარგ, დემოკრატიულ სულისკვეთებას. ნახსენები იყო ზოგიერთი მაგალითიც. ასევე, არის რესურსების დისბალანსი საარჩევნო კამპანიის ბრძოლაში. საარჩევნო დღე იყო კარგად ადმინისტრირებული, როგორც ეს აღნიშნეს დამკვირვებლებმა. იყო ინციდენტები დარღვევებზე, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლაზე. ეს არის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კულტურის ნაწილი. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება დაძლეული. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

წინა სტატიაშისააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ციხეში შევიდა
შემდეგი სტატიაადმინისტრაციის შენობასთან სპეც დანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს