არჩევნების საბოლოო შეფასება – “გამჭვირვალობა” დარღვევებსა და ხარვეზებზე საუბრობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა- ამის შესახებ ნათქვამია მეორე ტურის საბოლოო დასკვნაში, რომელიც ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა

თუმცა, “გამჭვირვალობის” განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.

“ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 12 საჩივარი”აცხადებენ ორგანიზაციაში.

“გამჭვირვალობა” განსაკუთრებით აღნიშნავს შემდეგ ტენდენციებს- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა, არჩევნების გაყალბების მცდელობა,დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არშეშვება, წილისყრის პროცედურის დარღვევა, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს არსებული პრობლემები.

რეკომენდაციების სახით კი ორგანიზაცია ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ყველა შემთხვევა; ცესკომ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად; გარდა ამისა:

“საარჩევნო კომისიებმა უნდა უზრუნველყონ დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა და არ დაუშვან მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან;

პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნას ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად და იწვევდეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევას.” ნათქვამია “გამჭვირვალობის” განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2018 წლის 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ცესკო-ში 307 საჩივარია შესული
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო უწყება – საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს სალომე ზურაბიშვილთან, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ შესანიშნავი და ისტორიული ურთიერთობები