არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შსს-ს და ცესკოს კოორდინირებულ საქმიანობას მოითხოვს, როდესაც საქმე ეხება არჩევნების პროცესში უსაფრთხოების დაცვას.

მღებრიშვილის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით შსს-მ და ცესკომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

„მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობის გზით ხელი შევუწყოთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების უსაფრთხო, მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ასევე ჩავატარებთ ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თავის მხრივ, შსს-ს მინისტრს მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „უპრეცედენტო თანამშრომლობისთვის“. მანვე მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. თამარ ჟვანიამ დღევანდელ დღეს საქართველოს საარჩევნო ისტორიაში „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“ უწოდა.

„დღეს ჩვენ თანამშრომლობის და განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავედით. ვინაიდან, მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველვყოთ ყველასთვის. ჩვენი მიზანია 8 ოქტომბერს, არჩევნებზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს, დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც თითოეულ მათგანს თავისუფალ გარემოში შეეძლება საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება. ჩვენ, ცესკო და შსს აბსოლუტურად ვაცნობიერებთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, მისი განუხრელი დაცვის აუცილებლობას და სწორედ დღევანდელი შეთანხმებით ვაპირებთ აღნიშნული ვუზრუნველვყოთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ასევე ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ალბათ, ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა