არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ მონაცემებში 3 562 369 პოტენციური ამომრჩეველია

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ მონაცემებში 3 562 369 პოტენციური ამომრჩეველია, მათ შორის არიან პირები, ვისაც 1 დეკემბრამდე პერიოდში უსრულდებათ 18 წელი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურისთვის, 12 ოქტომბერს ცესკო-სთვის გადაცემულ მონაცემებში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველი იყო. შესაბამისად, ვინაიდან ახალ მონაცემებში შედის ის 3 932 მოქალაქე, რომლებსაც 28 ოქტომბრიდან 1 დეკემბრის პერიოდში უსრულდებათ 18 წელი, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაც სწორედ ამ ოდენობითაა გაზრდილი. ამ მიზეზით პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში სააგენტოს მიერ ცესკო-სათვის გადაგზავნილ მონაცემებში სხვაობა შეადგენს 3 932-ს.

ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ ყოველდღიურად მცირდება იმ პირთა რიცხვი, ვისაც არაელექტრონული, ე.წ. ძველი ტიპის პირადობის მოწმობა აქვს. პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურამდე პერიოდში 13 153-ით ნაკლებია მათი რიცხვი, ვისაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს. 12 ოქტომბერს სააგენტოს მიერ გადაცემულ სიაში ასეთი იყო 790 484 პირი, ხოლო 12 ნოემბერს გადაცემულ სიაში – 777 331.

სერვისების საააგენტოს ინფორმაციით, პირადობის ელექტრონული მოწმობები იბეჭდება მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

2011 წლიდან არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას კრძალავს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“. ამასთანავე, კანონი უშვებს უკიდურეს გამონაკლისს, როცა შეიძლება,არაელექტრონული პირადობა გაიცეს, მაგალითად, თუ პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა ან გადაადგილება, ან ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში; თუ სტიქიური ბუნებრივი მოვლენების გამო, რომელიმე რაიონთან სატრანსპორტო კავშირი გაწყდა და შეუძლებელია დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობის მიწოდება ტერიტორიული სამსახურისთვის. ყველა ასეთ გამონაკლისს ახლავს სამედიცინო ცნობა ან სხვა კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შეიძლება გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 28 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე, მეორე ტურისთვის ცესკო-სთვის სიების გადაცემის პერიოდში, გარდაბანსა და წალენჯიხაში, საგამონაკლისო არც ერთი არაელექტრონული პირადობის მოწმობა არ გაცემულა.

banner
წინა სტატიაშირუსი ჰაკერები ზურაბიშვილის დასახმარებლად – ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება