არჩევნების დღეს ეგზიტპოლს 4 ტელეკომპანია ჩაატარებს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანიები – “იმედი”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “მაესტრო” და “GDS”, 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ.

ტელეკომპანიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას შეუწყონ ხელი და მათი მეშვეობით, მოსახლეობამ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე შეიტყოს ინფორმაცია არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ.

არჩევნების მაღალპროფესიულად ჩატარების მიზნით, ტელეკომპანიებმა საქართველოში მოიწვიეს მსოფლიოში აღიარებული კომპანია, “TNS OPINION”.

აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული.

“TNS OPINION” გაერთიანებულია მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო და საკონსტულტაციო ჯგუფში – “kantar”.

საკუთარი კვლევებისა და კონსულტაციების საფუძველზე, “TNS OPINION” ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევით ინსტუტუტებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და კორპორატიულ კლიენტებს, დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, შეიმუშაონ ეფექტური პოლიტიკა და ჩამოაყალიბონ გადაწყვეტილებების მიღების კურსი. კომპანიას, ეგზიტპოლების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის უკვე 50 წელია, ეგზიტპოლებს ევროპასა და აზიის ქვეყნებში ატარებს, მათ შორისაა, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ჰოლანდია, შვედეთი, დანია, ესპანეთი და სამხრეთ კორეა. გერმანიაში, კომპანიას 78 ეგზიპოლი აქვს ჩატარებული. პროფესიულ დონეზე ჩატარებული ეგზიტპოლი არჩევნების გამჭირვალობის ერთ-ერთი კომპონენტია.

“TNS OPINION”- ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლი კი ნიშნავს, მოსალოდნელი შედეგების დამოუკიდებელ და მეთოდოლოგიურ შეფასებას. ეგზიტპოლის საველე სამუშაოებს, “TNS OPINION”- ის მიერ გაწერილი გეგმით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნეს კვლევის საერთაშორის ცენტრი, “გორბი” ჩაატარებს, შესაბამისად, საველე სამუშაოებზე აღნიშნული კომპანია იქნება პასუხისმგებელი. ეგზიტპოლის ჩასატარებლად, ე.წ. ველზე 900 ადამიანზე მეტი იმუშავებს. ისინი ამომრჩეველს 320 საარჩევნო უბანზე გამოკითხავენ.

“TNS OPINION”- ის მმართველი დირექტორის, პასკალ ჩელალას განცხადებით, ეს იქნება ყველაზე კვალიფიციური ეგზიტპოლი, რომელიც საქართელოში ჩატარებულა. “მოხარული ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ქართული დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში.

ცოდნა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ მეთოდებსა და დიდი გამოცდილების მქონე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციას, რაც გარანტიაა იმისა, რომ ეს იქნება ყველაზე კვალიფიციური ეგზიპტოლი, რომელიც ოდესმე საქართველოში ჩატარებულა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ჩავატარეთ ათეულობით კვლევა, რომელმაც შეისწავლა საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ და საქმიან საკითხებზე ევროკავბშირისთვის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციებისთვის. ასევე, ჩატარებული გვაქვს ეგზიტპოლები არაერთ ევროპულ ქვეყანაში”,-განაცხადა ჩელალამ. ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20 საათიდან გახდება ცნობილი.

მაყურებელი შედეგს “იმედის”,”საზოგადოებრივი მაუწყებლის”, “მაესტროსა” და “GDS”- ის ეთერით გაეცნობა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რეგიონებში მეტი ჟანგბადის, მეტი სისხლის მიწოდება და ერთნაირი პირობების შექმნაა საჭირო
შემდეგი სტატია“საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად”