“არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე”- “ევროპული საქართველო” სამომავლო სტრატეგიაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს

“ევროპული საქართველოს’’ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შეფასებაზე იმსჯელებენ.

სხდომაზე, ასევე მიღებული იქნება გადაწყვეტილება პარტიის სამომავლო სტრატეგიების შესახებ. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის, ან ჯარის დაუმორჩილებლობას და მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში.

დავით ბაქრაძემ ყურადღება არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა მძიმე დარღვევებით, დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე.

“ხვალ გაიმართება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა და სწორედ ამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე პარტია “ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდება, თუ როგორია ჩვენი საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია, სამომავლო საქმიანობის და მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, ის მძიმე შეფასებები, რომელიც გვქონდა გუშინ არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით ძალაშია და განვლილი ღამის განმავლობაში აღმოჩნდა კიდევ უფრო მეტი დარღვევა, რაც ამტკიცებს ჩვენში იმ აზრს, რომ აღნიშნული არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე და შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ სამოქმედო სტრატეგიაზე, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში, არავითარ შემთხვევაში არ ექნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის, ან ჯარის დაუმორჩილებლობას და მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში,’’- განაცხადა, დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიNDI – აქციები სლოგანით “არა მიშას” და “მე ვიცავ თავისუფლებას”, რომელიც უცნობი ჯგუფების ორგანიზებული იყო, ზურაბიშვილის კამპანიის ნარატივს უჭერდა მხარს
შემდეგი სტატიასაქართველოში ამინდი გაუარესდება, ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი