ზურაბ ჯაფარიძე გასული წლების საარჩევნო კრახსა და ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ კასკადზე ღიად საუბრობს.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სისტემა სრულად მოირგო, ოპოზიციამ კი ხმების დაცვა ვერ შეძლო.
„2024 წელს სხვადასხვა იმედი და მოლოდინი არსებობდა, მილიონ რამეზე შეიძლება ვილაპარაკოთ, შეცდომებზე და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნები ჯამში აქეთა ფლანგმა მოიგო, მაგრამ ვერ დავიცავით და იმათმა [„ქართულმა ოცნებამ“] ის დაწერეს, რაც უნდოდათ. 2025 წლის ე.წ. ადგილობრივმა არჩევნებმა კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ ყველაფერი მოქალაქეებზეა დამოკიდებული“, — განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ახლა გაცილებით რთული რეალობაა: „აღარ გვყავს დამკვირვებლები აღარც ადგილობრივი, აღარც საერთაშორისო, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი ბოლომდე მორგებული აქვთ, ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება საერთოდ ჩამოართვეს. ამ საგიჟეთში ვცხოვრობთ, ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ და აჯარიმებენ, კასკადია რეპრესიული კანონმდებლობების“.
















