“არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების”, არც ვალდებულება” – მაღლაფერიძე

“არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” რაიმე, არც ვალდებულება და არც მიმუშავია არც ერთი დღე”- ასე უპასუხა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ ქეთევან მსხილაძეს, რომელსაც მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

“უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” რაიმე, არც ვალდებულება და არც მიმუშავია არც ერთი დღე. მე არც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვყოფილვარ არასდროს. ვიყავი ხელისუფლებაში და დავტოვე, როდესაც მიმაჩნდა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ. მე მაქვს ჩემი გამოცდილება, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, ხოლო პოლიტიკის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. მე მაშინ მაინტერესებს, რომელი ტელევიზია მიგაჩნიათ საამაყო ტელევიზიად, საიდანაც შეიძლება მოსულიყო გენერალური დირექტორი?”, – ასე მიმართა კითხვის საპასუხოდ მაღლაფერიძემ მსხილაძეს.

რაც შეეხება ”მეცხრე არხსა” და GDS-ზე მუშაობას, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, რომ ამ ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემები გაწონასწორებული იყო.

„თქვენი სუბიექტური გადმოსახედიდან მეუბნებით, რომ რაღაც უნდა დავძლიო, თუმცა არაფრის დაძლევას მე არ ვაპირებ და ჩემი თავის გადაძალვას არ ვაპირებ. ჩემი პოლიტიკური და ადამიანური წარსული არ არის დანაშაული. ყველა დასკვნა ნანახი მაქვს GDS-ზე და თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ GDS-ი იყო ერთ-ერთი გაწონასწორებული ტელეკომპანია და ეს აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის დასკვნებში. მე ამას ვკითხულობდი და შეგიძლიათ შეადაროთ ნებისმიერ სხვა ტელევიზიას. თქვენ ახსენეთ, რომ ვიყავი GDS-ზე და ”მეცხრე არხზე” და იყო თუ არა პოლიტიკური მიზნები? რასაკვირველია, ”მეცხრე არხი” პოლიტიკური მიზნებისთვის იყო შექმნილი და მე მგონია დღესაც, რომ ეს იყო აუცილებელი. GDS-ი ცდილობდა პოლიტიკური ფანჯარა გაეჭრა იმ წყვდიადში და იმ კატასტროფაში, რაც მაშინ არსებობდა. ჩემი აზრით, ის, რომ დღეს ვსხედვართ აქ და თავისუფლად ვსაუბრობთ, ეს ამის დამსახურება იყო. მოხარული ვარ, რომ ეს ვითარება შეიქმნა. მე მშვენივრად ვიცი ჩემი ტვირთი და ნუ ეცდებით ჩემს მაგივრად შემიმსუბუქოთ. მე პოლიტიკური პარტიის მიმართ არავითარი სიმპათია არ მქონდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

banner
წინა სტატიაში“თქვენმა წარსულმა შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობას და ობიექტურობას დაარტყას”- მსხილაძე მაღლაფერიძეს
შემდეგი სტატიაგურჯაანში ხანძარს 77 წლის მოხუცი ემსხვერპლა