არც იარაღი და არც ნარკოტიკი … “დამნაშავე”, რომელზეც ქვემოთ უნდა გიამბოთ, სულ სხვა მოტივით დააპატიმრეს – ადვოკატის თქმით, ამჯერად ბრალდებულს ყაჩაღობა “ჩაუდეს” …
უცნაური ისტორია, რომელიც შალვა ხაჭაპურიძემ გვიამბო, აბსურდის თეორიამდეც ვერ დადის. ბრალდების მხარის მტკიცებულებები ექსპერტების დასკვნასაც ეწინააღმდეგება და მოწმეების ჩვენებებსაც ყირაზე აყენებს. ყველა, ვინც ბრალდებულის ალიბს ქმნის, დაინტერესებულ მხარედ ითვლება. ის კი, ვინც ბრალდებებს აყენებს, უტყუარი ჭეშმარიტების მქადაგებლებად უნდა იყოს აღქმული.
ამ ისტორიის მთავარი “სამხილი” კი კაშნეა. ნივთმტკიცება, რომელიც მამაკაც ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მომენტში ეკეთა, რატომღაც მხოლოდ კონკრეტული ქალბატონის დეენემის “მატარებელი” აღმოჩნდა. ექსპერტის მტკიცებით, ნივთიერება, რომელიც ხსენებულ „სამხილს“ აუცილებლად უნდა შეენახა, ბრალდებულის “კუთვნილება” არაა, თუმცა…
მივყვეთ თავიდან…
შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: 2015 წლის 21 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და ყაჩაღობაში ბრალდებულ ტარიელ პაგაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე იმაშია, რომ უცნობი პირი თავს დაესხა ბრალდებულის საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე აფთიაქს, საიდანაც 200 ლარი და ერთი აბი დიაზეპამი “გაიტაცა”. მეორე დღეს კი მომხდარში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაადანაშაულეს.
დაზარალებულის თქმით, თავდასხმა 19:30-საათსა და 19:35 საათს შორის მოხდა, ანუ სულ ხუთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდამსხმელის ამოცნობა ვერ მოხერხდა – მას დანაშაულის ჩადენის მომენტში ქუდი ეხურა და კაშნე ეკეთა, რომელიც სახეს უფარავდა. თუმცა ზუსტად ამ კაშნესა და ქუდში გამოწყობილი პაგაშვილის ამოცნობა ადვილად შეძლო უბნის ორმა პოლიციელმა, რომელიც რატომღაც ზუსტად იმ დროს იმ კონკრეტულ ადგილას აღმოჩნდა. ჩვენებაში წერია, რომ პოლიციელებმა ბრალდებული აფთიაქის კიბეზე დააფიქსირეს და უკან გაჰყვნენ. პაგაშვილი სადარბაზოში შევიდა, სამართალდამცველები კი მას 10-15 წუთის განმავლობაში ელოდნენ. ხაზგასასმელია ის, რომ ბრალდებული ვერ იცნო დაზარალებულმა, თუმცა ანალოგიურად შეფუთული იცნო ორმა პოლიციელმა.
მტკიცებულებად ითვლება თითის ანაბეჭდებიც, რომელიც დაფიქსირებული იყო აფთიაქში. პაგაშვილი და მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ამაში უცნაური არაფერია. აფთიაქი კორპუსის წინ მდებარეობს, ხოლო ბრალდებული ფსიქოტროპული წამლების მომხმარებელია, შესაბამისად, აფთიაქში სიარულიც უწევდა. ექსპერტის განმარტებით, ნივთი თითების ანაბეჭდს რამდენიმე თვის განმავლობაში ინახავს. ამიტომ ამ ანაბეჭდების საფუძველზე იმის მტკიცება, რომ აღნიშნულ დროს აღნიშნული აფთიაქი კონკრეტულად ამ პირმა დააყაჩაღა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ბრალდების მხარეს საწინააღმდეგო ფაქტი მოჰყავს არგუმენტად, ამბობს, რომ ბრალდებული აფთიაქის დაზარალებულმა თანამშრომელმა საერთოდ ვერ იცნო, ხშირი მომხმარებელი კი მუდმივ თანამშრომელს თითქმის ყოველთვის ამახსოვრდება. აქ კიდევ ერთი გარემოებაა ნიშანდობლივი. არავის დაუკითხავს ის მეორე ფარმაცევტი, რომელიც დაზარალებულს ცვლის. ბუნებრივია, არსებობდა იმის ალბათობა, რომ პაგაშვილი, როგორც მომხმარებელი, ცვლაში მომუშავე მეორე პირს თავისუფლად შეიძლებოდა ამოეცნო, თუმცა…
ახლა რა მტკიცებულებები წარმოადგინა დაცვის მხარემ: პოლიცია წავიდა, ჩაატარა ჩხრეკა და რაღაც კაშნე იპოვა სახლში… სავარაუდოდო, – ასე ჩაწერეს განაჩენში, – მას ეს კაშნე უნდა კეთებოდაო. სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ კაცი, რომელიც თავდასხმას ახორციელებს, სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, ანუ ნერვიულობს და ამ დროს ორგანიზმიდან გარკვეული ნივთიერებები, მაგალითად, ოფლი გამოიყოფა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოცემულ სიტუაციაში კაშნეზე აუცილებლად დარჩებოდა წვეთები, რომელიც ანალიზის ჩატარების საშუალებას მოგცემდა. ასეც მოხდა, დაცვის მხარემ, კონკრეტულად კი მისმა ადვოკატმა დეენემზე ბიოლოგიური ექსპრეტიზა ჩაატარა. პასუხებით გაირკვა, რომ დეენემი არა ტარიელს, ან თუნდაც მისი ოჯახის რომელიმე წევრს, არამედ ვიღაც, მათთვის უცნობ ქალს ეკუთვნოდა. უფრო მეტიც, ოჯახის წევრების მტკიცებით, ეს კაშნე ამოღების მომენტამდე თვალითაც არავის უნახავს. ეს კი ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს – ნივთმტკიცების შეტანა ბრალდებულის ოჯახში სხვების, სავარაუდოდ, სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა.
სასამართლოში წარვადგინეთ ვიდეომასალაც, რომელიც ადასტურებდა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე ბრალდებულმა შვილი სკოლიდან გამოიყვანა. არსებობენ მოწმეები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ზუსტად დანაშაულის მომენტში ტარიელი სახლში ნათესავებთან ერთად ვახშმობდა. ამ ფაქტს ადასტურებს მეზობელიც, რომელიც ვახშმობის დროს მათთან შევიდა და ბრალდებულს მასთან ერთად ლუდის დალევა შესთავაზა. პაგაშვილმა კი, მართალია, დალევაზე უარი განაცხადა, მაგრამ სანაცვლოდ დეიდას 10 ლარი გამოართვა და მეზობელს, როგორც იტყვიან, მის სახელზე ლუდის ყიდვა სთხოვა. არსებობს მეორე მოწმეც, რომელმაც პაგაშვილების ოჯახში დეიდის, ბიძის და რძლის სტუმრობის ფაქტი დაადასტურა. საქმე იმაშია, რომ სტუმრებს მანქანის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და იმისთვის, რომ ის სადმე დაეყენებინათ, მეზობლის შეწუხება დასჭირდათ. ამ უკანასკელმა საკუთარი ავტომობილი სხვაგან გადააყენა და სტუმრებს მანქანის გაჩერების შესაძლებლობა მისცა.
ახლა რაც შეეხება პატრულს. შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტიდან, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შევიდა. თუ ვინმემ, და ამბობენ, რომ ასეთი ორი მოწმეა, დაინახა, რომ პაგაშვილი აფთიაქიდან გამოდიოდა, ხოლო დაზარალებული ყვიროდა და კიოდა, – მიშველეთ, დამაყაჩაღესო, ბუნებრივია, შეტყობინება პოლიციაში მინიმუმ ხუთწუთიან ინტერვალში უნდა შესულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
უფრო მეტიც… საქმეში მესამე მოწმეც გამოიკვეთა, რომელმაც წინა ორი მოწმის ჩვენება ყირაზე დააყენა. დაზარალებულის მტკიცებით, იმ დროს,როდესაც ყაჩაღობა ხდებოდა, აფთიაქში მოქალაქე შემოვიდა, მაგრამ ის დაძაბულმა სიტუაციამ დააფრთხო და მაშინვე უკან გაბრუნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანი პოლიციის თანამშრომელი, ვინმე ონიანი ყოფილა. მისი აფთიაქში სტუმრობის ფაქტი თითის ანაბეჭდებითაც დადასტურდა. ხოლო იქ ყოფნის დრო თავად ონიანმა დაასახელა. ისმის კითხვა? რატომ არ მოახდინა ამ ფაქტზე რეაგირება პოლიციელმა? როგორც თავად განმარტავს, მას იქ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, ამიტომ უკან გაბრუნდა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის მოვლენებს აცდა. ის ვერ შეამჩნიეს საკუთარმა კოლეგებმაც, რომლებიც იმ დროს აფთიაქის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და რომლებმაც კაშნეში გამოწყობილი ბრალდებული მაშინვე შენიშნეს და უკანაც გაყვნენ, ხოლო შემდეგ უკან დაბრუნებულებმა, ვერც საპატრულო მანქანებს მოკრეს თვალი, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე უნდა ყოფილიყო აფთიაქის სიახლოვეს. განყოფილებამდე მისასვლელად მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ გზა, რომელთან ახლოსაც მდებარეობს აფთიაქი. თუ საპატრულო პოლიცია ჯერ არ იყო მოსული, აუცილებლად იქნებოდა ხმაური, რადგან აფთიაქი ის-ის იყო გაძარცვეს, თუმცა პოლიციელებს ესეც არ შეუნიშნავთ. უფრო მეტიც ამ ყველაფერში პაგაშვილი მხოლოდ მეორე დღის საღამოს დაადანაშაულეს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ეს არის ვიდეოკამერა, რომელიც შიდა და გარე პერიმეტრზე ეყენა. ორივე მუშა მდგომარეობაში გახლდათ. ამას დაზარალებულიც ადასტურებს. შიდა კამერას რაც შეეხება, მასზე ყველაფერია აღბეჭდილი იმ ხუთწუთიანი მონაკვეთის გარდა, რომლის დროსაც ძარცვა განხორციელდა. ამ მონაკვეთზე კი რაღაც სხვა არის გადაწერილი. რაც შეეხება გარე კამერას, ის საერთოდ გაფუჭებული აღმოჩნდა. ამის მიზეზად დაზარალებულმა იმდღევანდელი ამინდი დაასახელა, – ქარი იყო და სავარაუდოდ, ამან დააზიანაო. რეალურად, ამ სათვალთვალო ვიდეოკამერებს, რომელიც აფთიაქში იყო დამონტაჟებული საკმაოდ მყარი კონსტრუქცია აქვს. დაცვის მხარე მეტეოროლოგიური ცნობაც ამოიღო, აღმოჩნდა, რომ იმ დღეს იმ ტერიტორიაზე ისეთი ქარი ნამდვილად არ გახლდათ, რომ ასეთი მყარი კონსტრუქცია დაეზიანებინა. ეს ფაქტი, ისევე, როგორც ზემოთ მოყვანილი სხვა ფაქტები, საერთოდ არ გაიზიარა სასამართლომ.
საქმე იმაშია, რომ პაგაშვილი არის წარსულში ნასამართლევი, ახალი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში, მას ამნისტია შეეხო. შემდეგ ოჯახი შექმნა, მუშაობა დაიწყო და ნორმალური ცხოვრება დაიწყო. ამის მიუხედავად, უბნის განყოფილებაში მას მაინც ხშირად იბარებდნენ. კონფლიქტიც კი მოუვიდა პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც მას საქართველოს დატოვებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით ემუქრებოდნენ. ეს ეკითხებოდა, – რატომ უნდა დავტოვო, ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ, არაფერს ვაშავებ, ვმუშაობ და ოჯახს ვარჩენო. კონფლიქტის არსებობა სამართალდამცველებმაც დაადასტურეს, თუმცა მუქარის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. სასამართლომ არც ეს გარემოება გაითვალისწინა…
გამიგია და თქვენც გაგიგიათ, რომ კონკრეტულ პირებს ნარკოტიკი ჩაუდეს, იმიტომ რომ გაუკუღმართებული სისხლის სამართლის პროცესი გვაქვს შემორჩენილი წინა ხელისუფლების პერიოდიდან, რომელმაც დაუშვა, რომ ადამიანის გაჩხრეკა ყოველგვარი მოწმეების გარეშეც შეიძლება განხორციელდეს. მერე ორი პოლიციელი მისცემს ჩვენებას, იტყვის, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა იარაღი, ან ნარკოტიკიო და მორჩა, გადაწყვეტილია მისი ბედი უკვე. პოლიციელის ჩვენება დღეს ყველაფერზე მაღლაა დაყენებული, მაგრამ ყაჩაღობა „ჩაუდონ“ ადამიანს, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მიუხედავად, ეს პირველად ვნახე.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, აქ ცალსახად საქმე გვაქვს ფაქტთან, როდესაც ადამიანს ყაჩაღობა „ჩაუდეს“, ანუ მას ბრალად დასდეს ქმედება, რომელიც უამრავ მოწმეთა და მტკიცებულებათა მიხედვით არათუ არ ჩაუდენია, არც კი გაუგია, რომ მოხდა. გაიგო მეორე დღეს, როდესაც მასთან კონკრეტული ბრალდებებით მივიდნენ.
აქ კიდევ ერთ უცნაურობასთან გვაქვს საქმე. დააკვირდით, პოლიციელებმა ნახეს, როგორ ჩამოდიოდა კიბიდან პაგაშვილი, მოეჩვენათ საეჭვოდ და გაყვნენ, მერე აღმოაჩინეს, რომ ის აფთიაქი გაძარცვეს, მაგრამ პაგაშვილი რატომღაც არ დააკავეს. დაკავება განხორციელდა მხოლოდ მეორე დღეს და თან საღამოს.
რეალურად კი პოლიციას არ სჭირდებოდა გაუხსნელი საქმეები. ამიტომ ვინ-ვინ და აგერ იყო წარსულში ყაჩაღობის მუხლით ნასამართლევი პაგაშვილი, რომლის ბრალეულობის უტყუარობაში არც საზოგადოება შეიტანდა ეჭვს, არც მოსამართლე და უცებ შეუკერეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად იქნა ეს შეკერილი, პოლიციელების მიერ წარდგენილი არგუმენტები მაინც საკმარისი აღმოჩნდა მოსამართლისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დაეყენებინა.
-ანუ თქვენ უშვებთ, რომ ეს იყო შურისძიება პოლიციელების მხრიდან, რომლებმაც ვერ დაარწმუნეს ბრალდებული, რომ დაეტოვებინა ქვეყანა?
– მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გამოვედით სამართალდამცავი ორგანოების იმ რეჟიმიდან, რა რეჟიმითაც მათ უწევდათ მუშაობა. გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების დროინდელი პოლიციელები გაყარა ნაციონალურმა მოძრაობამ. მოიყვანეს ახალი თანამშრომლები, რომელთაც იმ სტილში მუშაობა დაავალეს, რასაც ახლა პაგაშვილის შემთხვევაში ვუყურებთ, ანუ ხდებოდა ნებისმიერი მტკიცებულებების გაყალბება, თვალის დახუჭვა, გვერდის ავლა და ა.შ. შედეგად მივიღეთ უამრავი პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, სისტემაში დარჩენილები არიან ძველი თანამშრომლები, რომლებიც ისევ იმ სტილით მიჰყვებიან სამუშაოს. შედეგი არის ის, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი 11 წლით გამოკეტეს ციხეში. სწორი და ლეგიტიმური კითხვა იყო დასმული, – რატომ არ გაითვალისწინა მოსამართლემ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ის ფაქტი, რომ პოლიციელებსა და ბრალდებულს შორის არსებობდა კონფლიქტი და რომ მას ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ. სად უნდა წასულიყო? ცოლი და შვილი აქ ჰყავს, დედა აქ ჰყავს და ა.შ. ბუნებრივია, ის არ დაჰყვა სამართალდამცველების ნებას და არ დატოვა ქვეყანა. შედეგად მიიღო ის, რასაც დაპირდნენ. დაპირება კი რამდენიმე წლით ციხეში გამოკეტვას და იქ „ამოლპობას“ შეეხებოდა. ყველაფერი ეს ჩვენებაშიც არის ასახული. ამას გნებავთ შურისძიება დავარქვათ, გნებავთ სხვა სახელი მოვუძებნოთ. ფაქტი ერთია: მათ შეასრულეს ის, რასაც დაპირდნენ.
– ფინანსური მდგომარეობა როგორი აქვს ბრალდებულს? ხომ არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენის მოტივი თუნდაც იმ მიზნით, რომ მცირედი, თუნდაც ერთჯერადი საარსებო საშუალება ჰქონოდა, ვთქვათ, საჭმელი ეყიდა ბავშვისთვის და ა.შ.
– ვერ გეტყვით, რომ წელში გამართული იყო ამ მხრივ ოჯახი, მაგრამ ისე ნამდვილად არ უჭირდათ, რომ გავარდნილიყო და 200 ლარისა და ერთი აბი დიაზეპამის გამო აფთიაქი დაეყაჩაღებინა. ის მუშაობდა მშენებლობებზე, კერძო ობიექტებზე, ხელობა იცის, ავეჯის გაკეთება შეუძლია და ა.შ. მართალია სტაბილური სამსახური არ ჰქონია, მაგრამ ოჯახის ფინანსურ უზრუნველყოფას, მცირედით მაინც, ახერხებდა. გარდა ამისა, მუშაობდა მეუღლეც…
დაზარალებული ამბობს, რომ როდესაც ყაჩაღობა მიმდინარეობდა, იმ პერიოდში აფთიაქში შემოვიდა ვიღაც მოქალაქე და უკან გაბრუნდაო. არ დაგვავიწყდეს, რომ სულ ხუთი წუთი მიმდინარეობს ყაჩაღობის ფაქტი. მან, ანუ მოქალაქემ შეხედა, რომ დაძაბული სიტუაცია იყო და დატოვა აფთიაქი. ლოგიკურად, სწორედ ამ მომენტში უნდა ჩამოევლოთ პოლიციელებს, რომლებმაც ვითომ დააფიქსირეს, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე პაგაშვილი. ანუ მათ უნდა დაენახათ პაგაშვილიც და ის მოქალაქეც, რომელიც გამოვიდა აფთიაქიდან დაყაჩაღების მომენტში. შემდეგ გაირკვა, რომ ის მოქალაქე იყო ვინმე ონიანი, პოლიციის თანამშრომელი. თუ მან შეხედა, რომ ყაჩაღობა მიმდინარეობდა, რეაგირება უნდა მოეხდინა, ხომ? დაკითხულია თვითონ ეს ონიანიც… გეუბნებით, გაუგონარი რაღაცები ხდება. თუ პაგაშვილი იცნეს, ონიანი, პოლიციის მუშაკი რატომ ვერ უნდა ეცნოთ? ონიანს არასდროს ახსენებენ. ჩვენ მოვძებნეთ მოწმეები და ამით იქნა მოპოვებული მტკიცებულებები ონიანის შესახებ.
– თვითონ ონიანი რას ამბობს?
– ონიანი ამ დროს აფთიაქში შესვლის ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ აცხადებს, მაშინ იქ არაფერი ხდებოდაო. ეს ორი პოლიციელი ამბობს, – ჩამოდიოდა პაგაშვილი, რომელსაც ეკეთა კაშნე და ეხურა ქუდიო, ანუ იმავე სურათს აღწერს, რასაც დაზარალებული. იმ ქალბატონმა პაგაშვილმა ვერ იცნო, იმიტომ რომ სახე ჰქონდა დაფარული, ამ ორმა პოლიციელმა კი მაინც იცნო. დაისვა შეკითხვა, რა გააკეთეთ თქვენ, თუ იცანით პაგაშვილიო. არაფერიო, – უპასუხეს, – შევედით მის სადარბაზოში, გავჩერდით 10-15 წუთი, შეიძლება უფრო მეტიც, ვათვალიერეთ ტერიტორია, გვერდიდანაც მოვუარეთ, მაგრამ პაგაშვილი ვერ ვიპოვეთო. კითხვაზე, – თუ თქვენ იცნობდით პაგაშვილს, ალბათ იცოდით მისი საცხოვრებელი ადგილიცო, უპასუხეს, – იმავე სადარბაზოში ცხოვრობსო. მაშინ რატომ არ ააკითხეთ სახლში, თუ იცოდით სად ცხოვრობდა და თან ეძებდითო. პატრულში თუ დარეკეთ, ოპერატიული ჯგუფი თუ გამოიძახეთო? – არაო. რომ გამოხვედით შენობიდან, სად წახვედითო? – განყოფილებაშიო. განყოფილებაში თუ წავიდნენ, აფთიაქთან უნდა გაევლოთ და აფთიაქთან უკვე პატრულის თანამშრომლები იყვნენ. ანუ ყველა ვარიანტში პატრულის თანამშრომლები უნდა დაეფიქსირებინათ, მაგრამ… -არ დაგვიფიქსირებია, იქ არ ყოფილანო. ანუ ერთსა და იმავე დროზე იძლევიან აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებას, რომლებიც ვერანაირად ვერ ჯდება ვერც დროში, ვერც სიტუაციურ აღწერაში.
-ანუ გამოდის, რომ პატრულის თანამშღომლებმა დაინახეს პაგაშვილი კაშნეთი და ქუდით, მოეჩვენათ საეჭვოდ და გაყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა დანაშაული ჩადენილი არ ეგონათ?
-დიახ, როგორც ამბობენ, მაშინ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ… რატომ წაყევით პაგაშვილსო, ეს კითხვაც დაისვა და პასუხი იყო, -არ ვიცით, ნასამართლევია და ამიტომო… მაგრამ პირველი კითხვა იყო, საიდან იცანით, თუ კაშნე ცხვირზე ჰქონდა აფარებული და თავზე ქუდი ეხურაო, იმ ქალმა ხომ ვერ იცნოო. პასუხი არანაკლებ უცნაური იყო, – რა ვიცით, ტანის მოყვანილობით, მოძრაობით შევიცანითო…
-არ მგონია, ქუდისა და კაშნეს ტარება საეჭვო ფაქტებს წარმოადგენდეს დღეს…
– რა თქმა უნდა, არა… ეს მოწმეები არის გაჩენილი მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გაჩენის აუცილებლობა შეიქმნა. ამიტომაც გაჩნდა ორი პოლიციელი, რომლებმაც ვითომ დაინახეს, როგორ ჩამოდიოდა პაგაშვილი აფთიაქის კიბეებიდან. ეს ორი მოწმე არის ცრუ მოწმე. მე ისინი სხვა საქმეებშიც მინახავს, სადაც ანალოგიურ ცრუ ჩვენებს იძლეოდნენ. ჩვენ ამაზეც მივწერეთ უზენაეს სასამართლოს. შემდეგ ონიანი მოვძებნეთ და ამან მთლად დაანგრია ამ პოლიციელების მიერ შემუშავებული სქემა. ეს კაშნეც შეტანილია იმ პაგაშვილის სახლში და დაგდებული, თუმცა არც ეს გამოუვიდათ. დეენემი ამოვიდა ვიღაც ქალბატონის, რომელიც პაგაშვილის ოჯახის წევრი არაა. ეს არის შეკერილი საქმე, ვინაიდან იმ ქალმა ვერც იცნო თავდამსხმელი, ხოლო გაუხსნელი საქმე არავის სჭირდებოდა, ვიღაცისთვის უნდა დაებრალებინათ და აგერ იყო პაგაშვილი. შემდეგ გაჩნდა ორი პოლიციელი, რომელიც ვითომ იმ დროს გამოვიდნენ და დაინახეს ის კიბეზე, აფთიაქში აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდებიც. სახლის წინაა ეს აფთიაქი და ლოგიკურია, რომ იყოს იქ ნამყოფი, ამას თავადაც ადასტურებს, მაგრამ დანაშაულის ჩადენის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ალიბის მოწმეები ანუ ბიძა, დეიდა, მეზობელი, ბავშვის პედაგოგი და ასეთები არ უნდა იყოს გაზიარებული, იმიტომ, რომ ისინი დაინტერესებული პირები არიანო და ა.შ. პოლიციელები რატომ არ არიან დაინტერესებული პირები, ვერ მეტყვით? მე თუ მკითხავთ, უფრო მეტადაც არიან დაინტერესებულები, ვიდრე ბაღის თუ სკოლის პედაგოგი ან სხვა მოწმეები.
– შეგიძლიათ მითხრათ, კონკრეტულად რომელ აფთიაქზე მოხდა თავდასხმა და ვინ არიან საქმეში მონაწილე პოლიციელები?
– დიახ… აფთიაქს ჰქვია „მედფარმა“, დაზარალებულია ნუშა მამულაშვილი, ხოლო მოწმეები არიან ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების უფროსის მოადგილე დავით სიმონიშვილი და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორი, ვახტანგ გულიაშვილი. რაც შეეხება ონიანს, ჩვენებაში წერია, რომ მან რაციით მიიღო შეტყობინება, რომ კონკრეტულ აფთიაქზე ხორციელდებოდა თავდასხმა, მივიდა დანიშნულების ადგილზე, იქ საეჭვო ვერაფერი ნახა და გამობრუნდა. ვინ გაუგზავნა შეტყობინება თავდასხმის შესახებ, უცნობია. გარდა ამისა, თუ ადგილზე მივიდა, ეს ორი პოლიციელი, სიმონიშვილი და გულიაშვილი ხომ უნდა ენახა? ისინიც იქვე ტრიალებდნენ, მაგრამ… ონიანმა საეჭვო ვერაფერი ნახა…
– ბრძანეთ, რომ სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოკადრებზე რაღაცაა გადაწერილი. ვის შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა მათთან? სავარაუდოდ, სამართალდამცველებს, ხომ?
– ამასთან დაკავშირებით დაიკითხა აფთიაქის მენეჯერი, რომელმაც გვაცნობა, რომ მოვიდა, პოლიცია და დაათვალიერა ყველაფერი, მათვე შეამოწმეს ეს კამერებიო… სად არის გამქრალი ის ვიდეოკადრები? ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და დასკვნაშიც წერია, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე რაღაც სხვაა გადაწერილი. ასე რომ არ იყოს და იყოს წაშლილი, ამის აღდგენა მოხერხდებოდაო, ახლა კი აღდგენაც შეუძლებელიაო. სავარაუდოდ, იქ კარგად ჩანდა, რომ დამნაშავე პაგაშვილი ნამდვილად არ იყო, ეს მათ მიერ შეკერილ საქმეს თავდაყირა დააყენებდა, სწორედ ამიტომაც გადააწერეს რაღაც სხვა კონკრეტულ მონაკვეთს.
საქმე დალაგებულიც კი არაა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პოლიცია უყენებს ვიღაცას ბრალდებებს, ალაგებს, ანუ კერავს საქმეს და მერე ამას სასამართლოზე ყველა იმეორებს, მაგრამ აქ ამ შემთხვევასთანაც კი არ გვაქვს საქმე. ფაქტი ასეთია: ბაღაშვილო, შენ ნასამართლევი ხარ და უნდა იჯდე ციხეში.
და კიდევ ერთი, ჩვენებაში წერია, რომ ის ერთი აბი დიაზეპამი, რომელიც წაღებული იყო აფთიაქიდან, ბრალდებულის ოჯახში, მაცივრის თავზე აღმოჩნდა შემოდებული. ზოგადად, საინტერესოა, როგორ მიხვდნენ, რომ ის აბი მაინცდამაინც დიაზეპამი იყო და თან ზუსტად ის, რომელიც ყაჩაღმა გაიტაცა აფთიაქიდან. ასე ყველას ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული წამალი… თან ცოტა უცნაურია, დააყაჩაღო აფთიაქი, წახვიდე და „წართმეული“ წამალი მაცივრის თავზე შემოდო. ნაციონალების დროსაც კი ერიდებოდნენ ასეთების ჩვენებაში ასახვას. არავინ გვცემს პასუხს კაშნესთან დაკავშირებით. ექპერტიზა, რომელიც გამომძიებელს უნდა ჩაეტარებინა, ადვოკატმა ჩაატარა, თუმცა მიღებული შედეგები არავინ გაითვალისწინა. რეალურად, ეჭვის საფუძველიც კი არ რჩება, იმდენად აშკარად მტკიცდება საპირისპირო. იმედია, ახალი პარლამენტი მაინც მოიმოქმედებს რამეს, რომ ასეთი უბედურებები თავიდან იქნას აცილებული და სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ხარვეზები აღმოიფხვრას. გამოვა ვიღაც ორი პოლიციელი, მისცემს ჩვენებას და ესაა. სად უნდა იპოვო კაცმა სამართალი, არავინ იცის. ერთადერთ იმედად უზენაესი სასამართლოა დარჩენილი, რომელიც გეუბნება, – იცით რა, მე გადატვირთული ვარ და საქმეს წარმოებაში ვერ მივიღებო. მერე მიდიხარ სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც, თავის მხრივ, 10 წლიან ვადას მოითხოვს და… ეს კაცი სასჯელს თუ მოიხდის, მერე რა აზრი აქვს მის გამართლებასო? გვქონდა ჩვენ ასეთი ფაქტები, სულხან მოლაშვილი, მაგალითად და როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, ისიც გვახსოვს კარგად.
მე არ გახლდით ადვოკატი თავიდანვე, ამ საქმეში ახლა ჩავერთე და ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე. საქმე იმაშია, რომ დღეს მოქმედი კანონის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ შეიძლება ეს საქმე დასაშვებადაც კი არ სცნოს, მიუხედავდა იმისა, რომ ამდენი დარღვევები არსებობს. სასამართლო გადატვირთულია, დარჩენილია სამი მოსამართლე, ამ ფონზე, შეიძლება, სასამართლომ ის წარმოებაშიც კი არ მიიღოს და გამოდის, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი უნდა გავუშვათ ციხეში არა ერთი და ორი, არამედ 11 წლით. ახლა თუ ჩვენ, საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, ადვოკატებმა ხმა არ ავიმაღლეთ, მივიღებთ 11 წელმისჯილ უკანონო პატიმარს. მე ვთვლი, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება. ვაცნობეთ ამის შესახებ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩს, გადავუგზავნეთ მასალები, ასევე მივმართეთ სახალხო დამცველსაც და უფლებადამცავ სხვა ორგანიზაციებსაც, ყველა მათგანს აღნიშნულ ფაქტზე ვთხოვეთ რეაგირება. უზენაეს სასამართლოს კი ვთხოვთ, დასაშვებად ცნოს საქმე და განსახილველად დიდ პალატას გადასცეს. არ უნდა დავუშვათ ადამიანის უსამართლოდ გასამართლება და თავისუფლების ამხელა ვადით აღკვეთა. ბრძოლა სამართლიანობისთვის – ეს ჩვენი და თქვენი, ანუ საზოგადოების ვალდებულებაა!
წყარო: sazogadoeba.ge