“არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები”- ევროპელი ლიდერები საოკუპაციო ხაზთან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი.

ისინი იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფელ ოძისში და კიდევ ერთხელ გამოხატეს ღია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მეგობარი ქვეყნის ლიდერებმა დაგმეს რუსული ოკუპაცია და ასევე ხაზი გასუვეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

„თანამედროვე სამყარო, თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ჩვენ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ის ახალი ინიციატივები, სამშვიდობო ნაბიჯები, რომელიც არის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს ეფექტიანად გამოყენებული,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ კონფლიქტების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა.

„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქმედებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ არ არის დაკანონებული. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები და ყველა მსგავსი ქმედება განიხილება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. აუცილებელია კიდევ უფრო გავაღრმავოთ საერთაშორისო დისკუსია ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რადგან კონფლიქტების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა,“-განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

მაღალი რანგის სტუმრები 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ 2008 წელს მათი ქვეყნების ლიდერები იმყოფებოდნენ საქართველოში და იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით.

ისინი ომთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთსა აკისრებენ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი არაფრით არ დაუშვებდა თუნდაც ოდნავი ამბიციების მქონე ადამიანის პრეზიდენტობას
შემდეგი სტატია„მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალიან დიდ საფრთხეშია” – ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე პანკისში მიემგზავრებიან