არავითარი დაპირება არ ყოფილა – ზვიად ძიძიგური საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზციას პასუხობს

“არავითარი დაპირება არ ყოფილა”, – ასე პასუხობს სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციაში წარმოთქმულ შეფასებებს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება საარჩევნო სისტემის შეცვლას არც 2020 წლის არჩევნებისთვის აპირებს.

ზვიად ძიძიგური ოპონენტებს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ახსენებს, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

„არავითარი დაპირება არ ყოფილა. იყო პირდაპირ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელსაც არ დაუჭირა მხარი არც საპარლამენტო ოპოზიციამ და არც არასაპარლამენტო ოპოზიციამ. ამიტომ ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ამას გავაკეთებთ და იმას გავაკეთებთ, ამას დასჭირდება კონსულტაციები უმრავლესობასთან და სხვა დანარჩენ პარტიებთან. ამიტომ წინასწარ რაიმეს გადაწყვეტით თქმა არის სრულიად შეუძლებელი,“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე ოპოზიციის უარს იხსენებს თამარ ჩუგოშვილიც, რომლის შეფასებით, “ოპოზიციის ეს ნაბიჯი გაუგებარი იყო”.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში მზაობა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრისას არსებობს, თუმცა ზუსტად რა სისტემაზე გადავა ქვეყანა, ეს უნდა იყოს საერთო შეთანხმების საგანი.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, კი მიიჩნევს, რომ არჩილ თალაკვაძეს შეუძლია, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე საკუთარი პოზიცია ჰქონდეს, „აზრთა ჭიდილში კი იბადება საუკეთესო ვარიანტი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად კონსულტაციებს იწყებს
შემდეგი სტატიაბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის, საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა