“არავის მივცემთ შესაძლებლობას, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას”

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს იმდენად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ შესაძლებლობა, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერი ამ შეფასებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, სადაც არ ექნება ადამიანისთვის მნიშვნელობა, ლენტეხში ცხოვრობს, თბილისში, ცაგერში, რუსთავში თუ ბათუმში, ყველგან თანაბარი პირობები ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის, ყველასთვის და ეს უნდა იყოს ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება დასჭირდეს დრო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრესი, რომელსაც ვაჩვენებთ, არის აშკარა და არის ფაქტი, რომელსაც ეთანხმება ყველა. თუმცა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მომავალი არის ყველაზე დიდი მიზანი და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს უფრო ეფექტური. ყველას მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მძიმე გლობალური პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხი კარგად უმკლავდება ეპიდემიას და შეიძლება ითქვას, რომ მწვანე მუნიციპალიტეტია, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გვაქვს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ამას ერთად უნდა გავუმკლავდეთ, უნდა მივიღოთ სერიოზულად, უნდა გავითვალისწინოთ ის რჩევები, რასაც ექიმები გვაძლევენ და წყნარად, მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნების დღემდე. რაც მთავარია, არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ, ღირსეულად გადავიტანოთ ეს დღე და ღირსეულად გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდანიბეგაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 30 მილიონი დოლარი გაყიდა