პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთ ადამიანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე კიდებს ერებს შორის ურთიერთობას. მისივე თქმით, როდესაც ომი დასრულდება, უკრაინის ხელისუფლებასთან ყველა საკითხზე ექნებათ მკაფიო საუბარი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა კაპრიზია და “კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობა”.
“ჩვენ, უპირველეს ყოვლისა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების წინაშე, და ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველოს ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, და განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა მეგობრობის დაფასების, მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული ასე ვთქვათ წინააღმდეგობის, როდესაც ერთ ადამიანზე კიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და უპირველეს ყოვლისა არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას, მე ვთქვი გუშინაც, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ თავად უკრაინისთვის არის დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება”, – თქვა პაპუაშვილმა.