საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმებიდან ბიუჯეტი 2026 წლის იანვარ-აპრილში 2 მლნ ლარით შეივსო. ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში ზუსტად 2 010 537 ლარი შევიდა.
ეს მაჩვენებელი რეკორდულად არის გაზრდილი, რადგან წინა წლის ანალოგიურ პერიოდში (2025 წლის იანვარ-აპრილში) ჯარიმებიდან მხოლოდ 1 600 ლარი იყო მობილიზებული (ზრდა 125 558%). შედარებისთვის, მთელი 2025 წლის განმავლობაში ამ დარღვევაზე ჯამურად 3 746 564 ლარი შეგროვდა.
ეს მკვეთრი ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება 2025 წლის მაისიდან გამკაცრებულ რეგულაციებს. სწორედ ამ პერიოდიდან საპენსიო ფონდისა და შემოსავლების სამსახურის ბაზები გაერთიანდა, რამაც ფონდს კომპანიების მონიტორინგისა და დაჯარიმების პირდაპირი ბერკეტი მისცა.
კანონმდებლობის მიხედვით, საპენსიო შენატანის განხორციელების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაწესებულია შემდეგი ჯარიმები:
პირველი შემთხვევა: დამსაქმებელი ჯარიმდება 500 ლარით;
განმეორებითი დარღვევა: წლის განმავლობაში ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ლარამდე იზრდება.
საქართველოს საპენსიო ფონდის მონაცემებით, 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით: დაგროვებითი პენსიით უკვე 31 286-მა პირმა ისარგებლა; პენსიის სახით ჯამში 153.2 მლნ ლარი გაიცა.
შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა შენატანები ნაწილდება პრინციპით: 2% დასაქმებული, 2% დამსაქმებელი და 2% სახელმწიფო.















