”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”- სოხუმის გმირი მერი გურამ გაბესკირია, რომელმაც ოკუპანტებს არ დაუჩოქა

გურამ გაბისკირიას დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ სოხუმის მერიც აიყვანეს. სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბისკირია რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე“ პასუხობს – ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”- იყო გურამ გაბისკირიას შეუვალი პასუხი….

 

მის მიერ განვლილი ცხოვრების გამო ოჯახს დიდხანს არ სჯეროდა, რომ აფხაზებმა გურამ გაბისკირია სასიკვდილოდ გაწირეს. 2005 წელს თბილისში ამერიკელ ფოტოხელოვან მალქომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე, ერთერთ სურათზე ის სხვა დაღუპულთა შორის ამოიცნეს.

კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის ”დინამოს” ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის – ”ცხუმის” პრეზიდენტი, რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი.

მთავარი, რითაც გურამ გაბისკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში – აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის ერთსულოვანი მხარდაჭერა.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა. მათ შორის იყო გურამ გაბესკირიას ნეშტიც. 17 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის , საქართველოს პრზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

გურამ გაბესკირია დაიბადა 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, თუმცა თავი გამოიჩინა როგორც ფეხბურთელმა. 1960-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის „დინამოში“, მოგვიანებით კი თავისი კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში, ბოლოს კი — თბილისის „ცსკა“-ში. 1972 წელს იგი გახდა რესპუბლიკური დონის, 1974 წელს კი – საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. 1989 წელს სსრკ-ში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ყველა ქართულმა გუნდმა, სოხუმის „დინამოს“ გარდა, დატოვა საბჭოთა ჩემპიონატი. გურამ გაბესკირიამ მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ სოხუმის „ცხუმის“ დაარსებაში, რომელიც თამაშობდა ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში. გურამ გაბესკირია აგრეთვე გახდა კლუბის პრეზიდენტი. 1990 წელს იგი მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში, თუმცა თავისი კანდიდატურა მოხსნა თამაზ ნადარეიშვილის სასარგებლოდ.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და აფხაზი და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკიების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი. ვიდეო-მასალების, ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებისა და მოვლენათა შესახებ თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა: „არასდროს ჩემს სიცოცხლეში!“ (რუს. Никогда в жизни!).

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები მოიგებენ და ის, ვინც წააგებს, ობიექტურად წააგებს