“არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ხელკეტებით იდევნებოდნენ”

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის განვითარების კუთხით, საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული.

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც 2015 წელს ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ ვითარებას ეხება.

“2012 წლის მერე დემოკრატიის განვითარების კუთხით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, ეს მისასალმებელია. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს. თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული პოზიციებისა. ჩვენ კარგად გვახსოვს, ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, თუ როგორი ზეწოლა, შენტაჟი მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს დაბრუნდება წლები, როდესაც განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ხელკეტებით, ქვებით იდევნებოდნენ. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანას, რომელიც იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ხარვეზებს რაც შეეხება, ეს ნორმალურია, რადგან ის ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს.

“ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არის დარჩენილი, მაქსიმალურად უახლოეს მომავალში იქნას აღმოფხვრილი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები იქნება განხორციელებული“, – განაცხადა კალაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიაპრილის თვიდან პედაგოგთა ხელფასები იზრდება
შემდეგი სტატიამედიისათვის პარტია “ქართული ოცნების” შიდა კვლევები ხელმისაწვდომი გახდა