არასამთავრობოების მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო – პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დევნის ფუნქცია არ ექნება, ანგარიშვალდებული კი საქართველოს პარლამენტის წინაშე იქნება.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. აღნიშნული სამსახურის უმთავრესი ფუნქციები იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის (წამება, წამების მუქარა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და რამდენიმე ისეთი დანაშაული, რაც შეიძლება ამგვარმა პირმა ჩაიდინოს ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან მსხვერპლის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) გამოძიება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დღევანდელი ფუნქციები.

დევნის ფუნქცია დარჩება პროკურატურაში, თუმცა იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, კანონპროექტში ჩადებულია სხვადასხვა გარანტიები, კერძოდ, თუ ინსპექტორის გამომძიებელსა და ზედამხედველ პროკურორს შორის იქნება აზრთასხვადასხვაობა დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, ინსპექტორს მთავარი პროკურორისადმი მიმართვის საშუალება ექნება, რომელიც ასეთი ტიპის კონფლიქტის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არასამთავრობოების ტრადიციულ მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო – პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი. ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტი არ არის ასეთი. როდესაც ისინი ამას ამბობენ, ვერ ასახელებენ ვერც ერთ მაგალითს, სადაც ორი პროკურატურა არსებობს და ვერც ჩვენთან იარსებებს. ეს არც სწორია, არც გამართლებული და კარგი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ის ინტერესთა კონფლიქტი, რაც შესაძლებელია არსებულიყო, როდესაც ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოიძიებს საქმეს, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე თავის თავი რომ არ შეამოწმოს, აქ ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს ფუნქცია გახდეს ასეთ საქმეებზე ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე მონიტორინგი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ის არ დაექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის წესს, შემდეგნაირია: ხელისუფლების სამივე შტოს და არასამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტებული შესარჩევი კომისია პრემიერ-მინისტრს და მთავრობას წარუდგენს 2-დან 5 კანდიდატს. აქედან მთავრობა შეარჩევს ორს და გადაუგზავნის პარლამენტს და საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანო აირჩევს სახელმწიფო ინსპექტორს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ქურდობას მიესალმება
შემდეგი სტატია,,ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე ჩვენს სამინისტროში განიხილეს და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს”