არასამთავრობოები ზუგდიდის სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურებიან

სასწორზე აღარ დევს მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, არამედ რისკის ქვეშაა ქვეყნის დემოკრატიული მომავალი – ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფარული ვიდეოჩანაწერის შეფასებისას აკეთებენ.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, საუბარია მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე და იმ მეთოდების გამოყენებაზე, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ გამარჯვებას შეძლებს. ჩანაწერში „ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები “მოვიდა ზევიდან”. დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს და როგორ მისცეს დავალებები, რომ მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ხოლო ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში მოქმედი პირები უნდა დაიკითხონ და გამოძიება დაიწყოს.

„ცხადია, რომ ეს არის საგანგაშო რამ და უნდა დაიწყოს რა თქმა უნდა გამოძიება და უნდა დასჯილი იყვნენ ის პირები, რომლებიც ასეთ დავალებებს გასცემენ. ეს ცალსახად არის ზეწოლა ამომრჩეველზე და ფაქტობრივად, მცდელობა, რომ გაყალბდეს არჩევნები, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ვიდეოჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე არჩევნების კითხვის ქვეშ დაყენებაზე საუბრობს საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე. მისი თქმით, ვიდეო ჩანაწერში საუბარია მოსყიდვაზე, ადამიანის გატაცებაზე, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებია.

„საერთოდ საუბარი გატაცებაზე და მსგავსი ტიპის მოვლენებზე ცხადია, აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში კანონში არსებულ რეგულაციებთან. რაიმე ფორმით ამომრჩევლებისთვის ხელის შეშლა ან გნებავთ, კონკრეტული კანდიდატებისთვის ხელის შეშლა, რომ მათ კანონით დადგენილი წესით აწარმოონ საარჩევნო კამპანია, ეს ცხადია არის ძალიან ცუდი ფაქტი და ეს არის ისეთი ფაქტი, როდესაც რეალურად ყოველთვის დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ კონკრეტული არჩევნები,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

მომავალი არჩევნები, რომ ქვეყნის დემოკრატიის საზომია, ამაზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, საქართველოს რეპუტაციას განსაზღვრავს მაისის არჩევნები.

„ეს ფაქტები არა მარტო კონკრეტულ და ერთ არჩევნებს ვნებს, არამედ ვნებს მთლიანად ქვეყნის რეპუტაციას, იმ მყიფე დემოკრატიულ პროცესებს, რომელიც არის საქართველოში და რომელიც შესაძლებელია დავკარგოთ. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის გამგებელი ვინ იქნება, არამედ ეს არის ქვეყნისთვის რეპუტაციული საკითხი – ვახერხებთ თუ არა სახელმწიფოში თუნდაც ასეთი პატარა არჩევნების დარღვევების და ძალადობის გარეშე ჩატარებას,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები დავით გარეჯის ბედს წყვეტენ
შემდეგი სტატიამართველი გუნდის მტკიცებით, ფარული ვიდეოჩანაწერი ყალბია