არასამთავრობოები უმრავლესობას ომბუდსმენის პოსტზე ოთხ კანდიდატურას სთავაზობენ

არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.

“ჩვენ გვაქვს ორი ტიპის წინადადება დღეს: ერთი ეხება პერსონალიებს, მეორე – პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით ოთხ კანდიდატზე, ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები. ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატურები განიხილოს უმრავლესობამ, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ ფრაქციები. დღეს კანონი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული”,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინას ქართველების გამო აფრთხილებს
შემდეგი სტატიაიოსებ ჭონქაძე: რატომ გაკეთეთ ჩეჩნებო ესეთი რამ…