არასამთავრობო სექტორი სუს-ის რეფორმას ითხოვს

არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავაკეთოთ სუს-ის რეფორმა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგუარმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“- ში ჟურნალისტებს განუცხადა,

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტის მიზანია, გაიზარდოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულება.

„ჩვენ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავაკეთოთ სუსის რეფორმა. დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ე.წ. ოდეერების ის სისტემა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, უნდა შეიცვალოს და ფაქტობრივად გაუქმდეს. სუსიდან უნდა გამოვიდეს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი – ე.წ. ოტო. სუსს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ჩვენი მოქალაქეების მოსმენები განახორციელოს უკონტროლოდ. ასევე პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს სუსის საქმიანობას”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, ე.წ ოტო არ უნდა ექვემდებარებოდეს ისეთ უწყებას, რომლის ინტერესებშიც არის მოქალაქეების თვალთვალი, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და აწვდიდეს სერვისს იმ ორგანოებს, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან, კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში, მოუსმინოს ან თვალთვალი განახორციელოს მოქალაქეზე.

„ე.წ. ოტო იქნება სერვის პროვაიდერი, დამოუკიდებელი უწყება, რომელსაც შემდგომ გააკონტროლებს პარლამენტი“, – განაცხადა ეკა გიგუარმა.

banner
წინა სტატიაშიდავიდ ქემერონი: ევროკავშირიდან გასვლა დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდას და ხელფასების შემცირებას გამოიწვევს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს