არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების მოწყობას გეგმავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” ხელმძღვანელის ალექსანდრე ახალკაცის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე გართულებები რეგიონებში იქნება.

“მაქვს ინფორმაცია, რომ დღის მეორე ნახევარში გარკვეულ უბნებზე “ნაციონალური მოძრაობა” წავა პროვოკაციებზე. გართულებები იქნება ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე. ისინი ახდენენ მობილიზებას საარჩევნო უბნებთან. დაძაბულობა იქნება ხაშურშიც, იმიტომ რომ შეინიშნება მათი მობილიზება მიუხედავად იმისა, რომ ხაშურში, მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ არ მონაწილეობს. სიტუაცია მშვიდია მხოლოდ თბილისში, ხოლო რეგიონებში ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ღირსეულნი და გამოადგებიან ქვეყანას”, – განაცხადა ახალკაცმა.

ახალკაცი ასევე სოფელ სობისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სობისში მომხდარი ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის აგრესიულმა და შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა გამოიწვია.

“ჩემი დამკვირვებელი შეესწრო ამ ფაქტს. ეს ადამიანი, მერებაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა “ქართული ოცნების” იმ წევრებს, რომლებიც იმყოფებოდნენ უბნის გარეთ. ყველანაირად ეცადა, რომ გამოეწვია ეს ადამიანები. ეს ყველაფერი გადაიზარდა შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში”, – განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.

banner
წინა სტატიაში15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 21.28% შეადგინა
შემდეგი სტატიაბათუმის 66-ე უბანზე კომისიის წევრები მოქალაქეების პირად მონაცემებზე ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ