,,არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ თეა წულუკიანის ბრძოლას მხარი აუბა საქართველოს პროკურატურამ”

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ თეა წულუკიანის ბრძოლას მხარი აუბა საქართველოს პროკურატურამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურამ პირადობების გაყალბების სავარაუდო ფაქტი გამოიძიოს და მესამე სექტორთან ითანამშრომლოს, დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობს. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პროკურატურას დავალება აქვს მიცემული, რომ ამ დანაშაულის უარყოფითი ეფექტი განეიტრალდეს.

„ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურამ გამოიძიოს პირადობების მოწმობების გაყალბების სავარაუდო ფაქტი და მაქსიმალურად ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისინი ამ დანაშაულის მიჩქმალვას ეწევიან. პროკურატურა ამ დანაშაულის პოლიტიკური სიმძიმის განეიტრალებას ცდილობს, ვინაიდან ეს არ არის რიგითი დანაშაული. იმდენად საგანგაშო შემთხვევაა, რასაც შეიძლება სერიოზული სანქციები მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევა არ არის ახალი. ამის ფლაგმანი არის თეა წულუკიანი. სამარცხვინოა, რომ საქართველოში თითქმის ყველა მინისტრი შეიცვალა მის გარდა, იმიტომ არ იცვლება თეა წულუკიანი, რომ იგი პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დავალებებს და ნებისმიერი „შავი საქმის“ შემსრულებელია. ამ კუთხით, როგორც ჩანს, ის შეუცვლელი ფიგურა აღმოჩნდა. ახლა თეა წულუკიანის ამ ბრძოლას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მხარი აუბა პროკურატურამ. პროკურატურამაც და წულუკიანმაც ძალიან კარგად იციან, რომ მსგავსი განცხადებები ძალიან ვნებს მათ რეპუტაციას. იმდენად ბრიყვები არ არიან, რომ ვერ მიხვდნენ თუ რა ზომის უსამართლობას ჩადიან. ეს არის პირდაპირი დავალება, რომ წინასაარჩევნოდ მაქსიმალურად განეიტრალდეს ამ ფაქტის უარყოფითი ეფექტის ზეგავლენა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთში – მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრისთვის ხელის შეშლა სცადეს
შემდეგი სტატიაბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, აქცია „არა ნაციონალურ მოძრაობას“ იმართება