არასამთავრობო ორგანიზაციებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა

არასამთავრობო ორგანიზაციებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთი მახარაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ცილისწამებისა და დეზინფორმაციის საკითხზე პრეზიდენტს კონკრეტული ინიციატივები არ წარუდგენია. მახარაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორს მისცა ინიციატივების შეთავაზების საშუალება.

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან შეჩვეული პროცესის დასაწყისში ყოფნას. მათ უფრო ხშირად სხვადასხვა ინიციატივაზე უწევდათ რეაგირება. ჩვენ ვცდილობთ, პროცესი სხვანაირად დავიწყოთ და ვთხოვეთ, რომ პროცესის დასაწყისშივე გვითხრან, სად ხედავენ პრობლემას. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გაქვს, მაგრამ თქვენ გვითხარით, რას ფიქრობთ და ერთად დავიწყოთ მუშაობა. სამწუხაროდ, ამას საზოგადოება შეჩვეული არ არის და ამიტომაც არ მიკვირს არასამთავრობოების ასეთი რეაქცია, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა არ გვექნება. დღეს ბევრმა არასამთავრობომ ისეთ კვლევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არ ვიცოდით, თუ არსებობდა“, – განაცხადა ქეთი მახარაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა დაასახელა რამდენიმე საკითხი, რომელიც პრობლემად არის მიჩნეული არამხოლოდ საქართველოში, არამედ – ევროპაში.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გამოკვეთილია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში, ეს არის ჰიბრიდული საფრთხეები. ეს მოიცავს დეზინფორმაციას პოლიტიკური და საერთაშორისო დონის საკითხებში, იგივე ლუგარის ლაბორატორიის თემა, რომელიც იყო სახელმწიფოებრივი დარტყმა და ამისთვის სოციალური თემები იყო გამოყენებული. უბრალოდ ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს საფრთხე და ამ არსებული საფრთხის მიმართულებით ევროპარლამენტმა მიმართა ევროპის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩვენ გვსურს ამ პროცესში ჩართვა და თუ ევროპა და ნატო რაღაც კონკრეტულ მექანიზმზე შეთანხმდებიან, გვსურს, ამის ნაწილი ვიყოთ, რადგან საქართველოც საკმაოდ ხშირად ხდება დეზინფორმაციის მსხვერპლი“, – განაცხადა ქეთი მახარაშვილმა.

როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ წარმომადგენელმა ნათია კაციტაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ისეთ ინიციატივას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს დაწევს.

„თუმცა ამის მიღმა რა სახის პრობლემების რეგულაციისთვის გაკეთდა პრეზიდენტის ეს ინიციატივა, ჩვენთვის არ იყო ნათლად გასაგები. შეხვედრის მონაწილეების უმრავლესობამ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის რაიმე სახის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები ძალიან კარგ სტანდარტს აწესებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მაგლითად როგორიც არის დეზინფორმაციის, ფეიკ ნიუსების პრობლემა. ამ მიმართულებით ალბათ უფრო კონკრეტული საუბარია საჭირო. ბუნებრივია, სისხლის სამართლის წესით დასჯადობაზე არ უნდა იყოს საუბარი. ფაქტობრივად,მათი ინტერესი იყო, გაეგოთ ჩვენი პოზიციები, რა გამოწვევებს ვხედავთ და რა რეგულაცია არის საჭირო“, – განაცხადა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – საქართველოში უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა არ ექმნებათ
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილი- მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საბოლოოა