არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზეა საუბარი

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში აცნობენ.

როგორც საია-ს იურისტმა, ეკა ციმაკურიძემ ჟურნალისტებს პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა, ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ბოლომდე მიყვანილი არ არის და მასში საკანონმდებლო ხარვეზებია.

როგორც საია-ს იურისტმა აღნიშნა, ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ გამოწვევებს, რაც მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს ახლავს.

ციმაკურიძის თქმით, ასევე პრობლემური საკითხია მოსამართლეთა გადაყვანა ერთი სასამართლოდან მეორეში, ვინაიდან ეს პროცესი არ ხორციელდებოდა გამჭვირვალედ და დამსახურების გათვალისწინებით.

„ანგარიშში მოყვანილია ასევე სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და რამდენად გამოვლინდა საბჭოს მიერ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპის უგულვებელყოფა. ძირითადი პრობლემა, რაც შესწავლის შედეგად გამოიკვეთა,  მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს უკავშირდება – როგორც ჩანს, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა ვერ განხორციელდა ისე, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო, თუ რატომ დაინიშნა ესა თუ ის კანდიდატი მოსამართლედ და რატომ არ დაინიშნა სხვა კანდიდატი“, – აღნიშნა საია-ს იურისტმა.

banner
წინა სტატიაში,,გგონიათ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მომრიგებელი მოსამართლე ვარ?!”
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას