არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას მიმართავენ

4 არასამთავრობო ორგანიზაცია ვენეციის კომისიას მიმართავს. მათ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გადაუნაწილებელი მანდატები სახელდება. “კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ულიმიტო ბონუსის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ყველა გაუნაწილებელი მანდატი ერთ პარტიას ერგება. საარჩევნო სისტემის ეს ასპექტი უსამართლოა და მნიშვნელოვნად აკნინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით მიღებულ პოზიტიურ შედეგს. ამასთან, საარჩევნო ბლოკების გაუქმება 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში აჩენს რისკებს, რომ არჩევნების შედეგად მაღალი იყოს გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა. ამ მანდატების ერთი პარტიისადმი მიკუთვნება საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ხელს შეუწყობს ძალაუფლების ხანგრძლივ კონცენტრაციას ერთი პარტიის ხელში, “-ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული უნდა იყოს მანდატების გადანაწილება პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე მათი შედეგების პროპორციულად.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ პრობლემატურია ქორწინების განსაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“,რადგან ეს ცვლილება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გათვალისწინებით.

“პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებით, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. შესაბამისად, ვენეციის კომისიის პოზიცია შესაძლოა იყოს ყველაზე ეფექტური მექანიზმი კონსტიტუციის პროექტში არსებული პრობლემური ჩანაწერების გამოსასწორებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ვენეციის კომისიასთან და მიაწოდონ მას ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის შემდეგი მიმდინარეობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

banner
წინა სტატიაში“ეს ყველაფერი ჰგავს თეატრს და პოლიტიკოსები კარგად თამაშობენ” – ენმ-ს წევრმა საკონსტიტუციო პროექტის განხილვა დატოვა
შემდეგი სტატია“მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს” – დაკარგული გოგიტა აბულაძის დედა აქციას მართავს