არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სამოქალაქო სექტორი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს. სამოქალაქო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობაში საგანგაშოს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობამ უშუალოდ არჩევნების პროცესზეც უარყოფითად იმოქმედოს.

“წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას სერიოზული ზიანი მიაყენეს რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულმა ძალადობრივმა ფაქტებმა, მათ შორის ოპოზიციის დეპუტატის ავტომანქანის აფეთქებამ, ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდასხმამ და მმართველი ძალის აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა. ასევე არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინტენსიური გახდა ფარული და უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტები, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ამომრჩევლის ნებაზე მოეხდინა თავისი გარკვეული გავლენა,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ძალიან დიდი წინსვლაა მედიაგარემოს მიმართულებით.

“მედიაგარემოს მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს, თუ კი ჩვენ შევხედავთ მედი გარემოს საარჩევნო კუთხით, ვნახავთ, რომ ძალიან ეფექტურები იყვნენ მედიები როდესაც საქმე შეეხებოდა კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას. პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა დებატებში და ამ ფორმით მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის მათი წინასაარჩევნო პროგრამა“ – განაცხადა გიგაურმა.

ვირუსის ბლოკატორები