არასამთავრობო ორგანიზაციები სპეც უბნებზე განცხადებას ავრცელებენ

პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშრებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.
როგორც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმება იმ ფორმით, რა ფორმასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არსებითად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობს.
“მოცემულ საკითხზე ცვლილებების პროექტი შემუშავებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით, სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში და ასევე, მერის/გამგებლის არჩევნებში, მიუხედავად მათი განსხვავებული რეგისტრაციის ადგილისა. სწორედ ეს წესი იწვევს კრიტიკას ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის და სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო მიზნით მანიპულაციის შესახებ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. ეს ერთი მხრივ, კითხვებს ბადებს არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში ჩატარების შესახებ და მეორე მხრივ, ზიანს აყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაციასა და პრესტიჟს.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და არსებითი ცვლილებები მიიღოს მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად. სამხედრო მოსამსახურემ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის და თვითმმართველობის მაჟორიტარულ არჩევნებში, ასევე მერის/გამგებლის არჩევნებში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არის რეგისტრირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ენერგომომარაგება სრულად აღუდგა
შემდეგი სტატიაკალიფორნიაში 50 ათასი დოლარის სპერმა მოიპარეს