არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება მისასალმებელია, მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება

არასამთავრობო ორგანიზაციები 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურებიან. როგორც არასამთავრობოები აღნიშნავენ, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ამასთან, მათი განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, ასევე ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხის გადაჭრას. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გასულ კვირაში პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ გაკეთებული განცხადება მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას, რაც როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება 2020 წლის არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია და, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ცვლილებების მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, ასევე ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხის გადაჭრას. გასულ კვირაში პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ გაკეთებული განცხადება მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რათა გამოირიცხოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა და ამასთან, დროულად და დაბრკოლებების გარეშე იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში სტაბილური, უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმებით შესასრულებლად და გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დროულად დამტკიცდეს“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TIG).

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ფაქტობრივად, მოხდა ევოლუციური რევოლუცია
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია:: ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირონ