არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ, პროკურატურას მურად წურწუმიას საქმის მისთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს

მურად წურწუმია
მურად წურწუმია

NGO-ები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის 2 იანვარს 24 წლის ახალგაზრდის, მურად წურწუმიას მიერ ჩადენილი დანაშაული, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა, სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გამოიძიოს.

შესაბამისად, ისინი ​ლონდა თოლირაიას მოუწოდებენ, გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმის გამოსაძიებლად გადასაცემად შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ “სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება.

ამავე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელმაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რომლის ჩადენის დროსაც მას, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველის მოთხოვნით, აკრძალული ჰქონდა ადგილის დატოვება.

“იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავს საქმეებზე სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოძიების დაქვემდებარების მცდელობა, სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობით მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტები აქვს მინიჭებული.

კერძოდ:

თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია, მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს დასაბუთებული წინადადებით სხვა საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის კონკრეტული გარემოებები, კერძოდ კი ის, თუ რა ინტენსივობის დაზიანებები მიიღო მსხვერპლმა, იმყოფებოდა თუ არა პირი სამართალდამცავის ეფექტური კონტროლის ქვეშ, ან რა განზრახვა ჰქონდა საქმეში ბრალდებულ პირს, სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება წარმართული იყოს იმ უწყების მიერ, რომლის მიმართაც მეტი სანდოობა არსებობს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების შინაარსს იმის თაობაზე, რომ რადგან პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, მათ კომპეტენციას სცდება გამოძიების ჩატარება. სახელმწიფო ინსპექტორს, სწორედ იმიტომ რომ თავიდან აიცილოს სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულისთვის არასწორი ან საკამათო კვალიფიკაციის მინიჭების გზით საქმეთა დაქვემდებარება, კანონმდებელი აძლევს უფლებამოსილებას, სრულად გაეცნოს საქმის მასალებს და მიმართოს პორკურატურას საქმის გადაცემის მოთხოვნით. თვალსაჩინეობისთვის, ინსპექტორის სამსახურის მიერ განვითარებულ მსჯელობას თუ გავიზიარებთ, ამ უწყების ქვემდებარე არ აღმოჩნდებოდა გირგვლიანის საქმის გამოძიებაც, რადგან გამოძიება 117-ე, 143-ე და 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარმოებდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმის გამოსაძიებლად გადასცემად შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს, ხოლო მეორე მხრივ პროკურატურამ უზრუნველყოს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ გადაცემა” – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
_____________________________________________________________________________________

3 იანვრის დილით ვარკეთილის ე.წ. “დამპალოს სასაფლაოზე” 24 წლის ბიჭი ნაწამები იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი – გატეხილი.

ოჯახი მურად წურწუმიას წამებით სიკვდილში სპეცრაზმელებს ადანაშაულებს. მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. მისი თქმით, მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი.

ოჯახის ინფორმაციით, მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმიამ – ვერა. მურად წურწუმიას კიდევ ერთი ძმის, დიმა ჩხირკვიას ინფორმაციით, გაქცეულმა მუხრან წურწუმიამ მისი ძმის ყვირილი გაიგონა და ადგილზე დაბრუნდა, თუმცა მურად წურწუმია ვეღარ იპოვა, სავარაუდოდ ის ამ დროს მანქანაში იყო. ამის შემდეგ მუხრან წურწუმია სახლში დაბრუნდა.

დიმა ჩხირკვიას თქმით, მუხრან წურწუმიას სახლში დაბრუნების შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს. მისივე თქმით, ისინი მთელი ღამით, კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ეძებდნენ ვარკეთილის ტერიტორიაზე მურად წურწუმიას, თუმცა ვერ იპოვეს.

მურად წურწუმიას ძმის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის მათ პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვარკეთილის მე-10 მიკრორაიონში ნაცემი პიროვნება იპოვეს და ოჯახის წევრებს ფოტოს საშუალებით მისი ამოცნობა მოთხოვეს. ფოტოზე ოჯახის წევრებმა მურად წურწუმია ამოიცნეს.

ამის შემდეგ, დიმა ჩხირკვიას თქმით, სანამ ოჯახის წევრები მე-10 მიკრორაიონში მივიდნენ, მურად წურწუმია საავადმყოფოში გადაიყვანეს – ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მისივე თქმით, მას ექიმმა უთხრა, რომ “ის გამეტებული იყო სასიკვდილოდ” და “მისი ტვინი აფეთქებული იყო”.

პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილის “დამპალოს” სასაფლაოზე კონფლიქტი, რა დროსაც, შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მურად წურწუმია მოკლა, მანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების ვერსიით, გარდაცვლილი და მისი ძმა ბრალდებულ ზ. ფ.-ს ავტომანქანას “მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ”. ამასთან, პროკურატურა ადასტურებს, რომ სასაფლაოზე ბრალდებულთან ერთად კიდევ ერთი პირი – ვ.ბ იმყოფებოდა.

თავდაპირველად საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მხოლოდ ზ.ფ-მ მიაყენა. ასევე მხოლოდ მას ედებოდა ბრალად გარდაცვლილის ძმის ცემა.

9 იანვარს პროკურატურამ დააკავა მეორე პირიც, ვახტანგ ბურძენიძე

ორივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლი), ასევე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლი).

banner
წინა სტატიაშიმურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმეს
შემდეგი სტატია„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა