არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობას ითხოვენ

არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობას ითხოვს. ერთობლივი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ, უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა და დაინტერესებული პირების დასწრება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე.
არასამთავრობოების განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის მიზნით მიმდინარე პროცესი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესის საგანია, ვინაიდან კონკურსი გამოცხადებულია რამდენიმე ათეულ ვაკანტურ ადგილზე და ქვეყანაში მოქმედებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემა.
“ამდენად, საზოგადოების მაღალი დაინტერესება ლეგიტიმურია და საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ყოველ ეტაპზე ჰქონდეთ სრული ინფორმაცია კანდიდატებისა და საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ უაღრესად დაბალია, არაერთი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი საზოგადოებაში არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები.
“თუმცა ამ მოსამართლეთა ნაწილს კვლავ აქვთ სურვილი, გააგრძელონ სამოსამართლო კარიერა სისტემაში. ამ პირობებში, განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების თუ გადაყვანის მიზნით განხორციელებული პროცედურები და მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნა გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელი და არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე არაერთხელ გამხდარა სერიოზული კრიტიკის საგანი.
კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა სია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 28 ოქტომბერს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიები. რაც შეეხება მათთან გასაუბრების ჩატარების განრიგს, ის გასაუბრებამდე მხოლოდ 1 დღით ადრე გამოქვეყნდა, რითიც საბჭო აგრძელებს საკუთარი სხდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებული ინფორმირების მანკიერ პრაქტიკას.
მხედველობაში ვიღებთ რა, მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსის მასშტაბურობას და მნიშვნელობას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბების საქმეში, საკითხისადმი განსაკუთრებულად მაღალ საჯარო ინტერესს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოვუწოდებთ: მიმდინარე კონკურსი წარმართოს ღიად, გამჭვირვალედ და ობიექტურად და უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მხრიდან პროცესი სწორედ ასეთად იქნეს აღქმული, რათა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულ იქნენ მხოლოდ მაღალკვალიფიციური და ღირსეული კანდიდატები, რომელთა რეპუტაცია ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იუსტიციის საბჭომ:
გამოაქვეყნოს მიმდინარე კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ბიოგრაფია, თანახმად ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა, რომელიც თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას აცხადებს ღია საჯარო ინფორმაციად;
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს კანონით დადგენილი წესით, გასაუბრების ჩატარებამდე სულ მცირე 7 დღით ადრე;
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია სხდომაზე, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად;
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების სხდომები გაიხსნას მედიის მიერ გადაღებისთვის;
მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, როგორც კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატი, კონკურსის ყველა ეტაპზე ჩამოცილებულ იქნას მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს;
მოსამართლეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე იმსჯელოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებაში კონკრეტული მოსამართლეების შესახებ მითითებულ ინფორმაციაზე”, -ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი მასშტაბური კონკურსი. კონკურსი გამოცხადებულია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არსებულ, მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზე. მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის თანახმად, კონკურსის პირველ ეტაპზე ხდება კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს გასაუბრებას.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი: პრაქტიკულ დონეზე საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზადაა, შემდეგი ნაბიჯი რეფორმების გაგრძელება და დასრულებაა