არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციურ რეფორმაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

20 არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აფუძნებს

16 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში საუბარია, რომ კონსტიტუციის პროექტში ასახული პრინციპები არ ეფუძნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის ფართო თანხმობას. ასევე არასამთავრობოების განცხადებით, მისი შემუშავებისა და განხილვის პროცესში არ იყო შესაბამისი საზოგადოებრივი ჩართულობა, რაც ქმნის საფრთხეს რომ ასეთი პროცესის შედეგად მიღებულ დოკუმენტს არ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა და პატივისცემა, მოკლებულ იქნება ლეგიტიმურობას და ვერ ითამაშებს საზოგადოების გამაერთიანებელ ფუნქციას. ეს კი უარყოფითად აისახება ქვეყნის მდგრადობასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.

„პროექტის ზოგიერთი პრინციპი პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოების მოთხოვნას. მაგალითად, კონსტიტუციის პროექტი აუქმებს პრეზიდენტის პირდაპირი სახალხო არჩევის წესს, როცა საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 92% მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველოს დემოკრატიული ტრადიციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. „ — ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ასევე მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტი, ვერ ქმნის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, ასევე კრიზისული ვითარებების მართვის ეფექტურ ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს. ასევე ამავე განცხადებით უსაფრთხოების საკითხებზე ამ ცვლილებების განხილვა არ მომხდარა ექსპერტებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან.

ასევე არასამთავრობოები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე კონსტიტუციის პროექტის რიგ მუხლებში ასახული, დემოკრატიულ სტანდარტებს შეუსაბამო, ბუნდოვანი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები, მათ შორის სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე.

„70-ე მუხლში (პუნქტი 3) სხვა შეიარაღებული ძალების ტერმინის შემოტანა და მათი რაობის და კონტროლის მექანიზმების განუსაზღვრელობა იწვევს გაურკვევლობას და აჩენს დემოკრატიულ კონტროლიდან გასული შეიარაღებული ფორმირებების გაჩენის რისკებს, რაც შეესაბამება საბჭოთა და არა დემოკრატიულ სტანდარტებს. აქვე აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გარდა, სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები გამოიყენება „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების“ შესასრულებლადაც, რაც მათი გამოყენების არასასურველად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კონსტიტუციაში ამომწურავად უნდა იყოს განსაზღვრული თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სამხედრო ძალების გამოყენება. 70-ე მუხლით (პუნქტი 4) სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. ეს ფაქტიურად ნიშნავს რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის შემოღების გარეშე, მაგალითად მიტინგის დასაშლელად, თავდაცვის მინისტრს დამოუკიდებლად შეუძლია სამხედრო ძალების გამოყენების გადაწყვეტილების მიღება”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბრობენ, რომ ახალი კონსტიტუციური პროექტით იზღუდება პრეზიდენტის უფლებები მთელ რიგ საკითხებში და ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის უფლებამოსილების გაზრდა.

„უსაფრთხოების სისტემის ეროვნულ დონეზე მართვა და მისი დემოკრატიული კონტროლი მიღებული საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, თითოეული კონსტიტუცია, შესაბამისი დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების ჩადებით, გამორჩეულად აზღვევს იმ უმთავრეს რისკებსა და საფრთხეებს, რომლებიც ამ კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის გამოცდილებიდან და პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარეა აქტუალური. საქართველოში, ასეთ უმთავრეს რისკებს მიეკუთვნება ერთპარტიული მმართველობა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაცია, რომელთაც კონსტიტუციის ახალი პროექტი შემცირების ნაცვლად ზრდის.“ — წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებზე დემოკრატიული კონტროლის დაწესება კონსტიტუციის ცალკე მუხლში აუცილებლად უნდა აისახოს. ამ მიმართულებით განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის 26-წლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, ქართული სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების პოლიტიზირება წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, უკანონო მოსმენების აქამდე გადაუჭრელი პრობლემა კი ამისი ნათელი დასტურია.

კონსტიტუციურ პროექტზე არასამთავრობოების ვრცელი ვ5რცელი განცხადების ბოლოს ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ ძალას რეკომენდაციებით მიმართავენ. მათ შორის მათი აზრით უნდა შეჩერდეს ამ პროექტის დაჩქარებული წესით მიღება

და მოხდეს საკონსტიტუციო კომისიაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე, კვალიფიციური ექსპერტების ჩართვა. ასევე კიდევ ერთი რეკომენდაციით

პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა-გადანაწილებასა და ურთიერთკონტროლის ძირითად მექანიზმებზე, შედგეს ფართო ეროვნული კონსენსუსი; არასამთავრობოების მესამე რეკომენდაციაა კონსტიტუციაში აისახოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის, მათ შორის შეიარაღებული ძალების და საპოლიციო, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სტრუქტურების საქმიანობაზე სამოქალაქო/დემოკრატიული კონტროლის ძირითადი პრინციპები.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა
შემდეგი სტატიაამ წუთებში ხალხმრავლობაა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში