არასამთავრობო ორგანიზაციები ენ-ჯე-ოები პირდაპირ მოითხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას

ყოფილი პრემიერმინისტრის, ამჟამად ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა, მონაწილეობა, თანამონაწილეობა მძიმე საქმეში დასტურდება და არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩემი პოზიცია არის მარტივი – ამ კითხვებზე ყველაფერზე უნდა იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული”. როგორც მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ “აქ რაღაც ისე არ არის”.

ინგა გრიგოლიამ შეახსენა, რომ ლევან მურუსიძეს სტრასბურგის სასამართლომ “გასცა პასუხი”, თუმცა, ის უვადოდ დაინიშნა, ამაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იკითხა – “ვინ დანიშნა, პარტიამ დანიშნა?”. მისი თქმით, კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ სურს.

“მე არავის ადვოკატი არ ვარ, ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ყველა ის ადამიანი, საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს და იქნება ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ.

არ არის არც ერთი მოსამართლე ქართული ოცნების კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის, რეალურად, დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე” – თქვა ღარიბაშვილმა.

”ნაცმოძრაობა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები – ენ-ჯე-ოები პირდაპირ მოითხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ნახეთ მათი „სამართლიანი“ მიდგომა: დღეს იგივე ადამიანები, გვარები არ მინდა გავიმეორო ახლა, ხალხმა იცის კარგად, აპროტესტებენ ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. რასთან გვაქვს საქმე: საქმე გვაქვს იმასთან რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ და კიდევ ერთი ქაოსი შეიტანონ ამ სისტემაში. ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი: რომ დაასუსტონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, წარმოაჩინონ იმგვარად რომ ეს ყველაფერი თითქოს არის ივანიშვილის მიერ დადგმული, რომ სურვილი არის მორჩილებაში ვინმეს ყოლა და მე გარწმუნებთ, რომ ბატონი ივანიშვილი არც ინტერესდება მოსამათლეთა იმ გვარებით, იქ ასეულობით მოსამართლეზეა საუბარი. მას უბრალოდ არა აქვს შეხება ამ ადამიანებთან და არც უნდა ქონდეს. მას არც აქვს ამის სურვილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი და კახა კალაძის დაპირისპირებაზე ჭორებს არავითარი საფუძველი არ აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: გიგი უგულავა ჩვეულებრივი კრიმინალია