არაფერს არ გავყიდით, შენობას აღვადგენთ – „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, დამწვარი შენობის გაყიდვა არ მოხდება. ამის შესახებ მან შემთხვევის ადგილზე განაცხადა.

მაჭავარიანის განმარტებით, გამოძიების დასრულებისთანავე, შენობის რეკონსტრუქცია დაიწყება და მაქსიმუმ ორ წელში ყველაფერი აღდგება.

„ტერიტორიას არ გავყიდით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შენობა აღვადგინოთ, თუ აღდგება. თუ არადა, ალბათ დაზღვევა გაითვალისწინებს ჩვენს პრობლემას და გვერდში დაგვიდგება. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აღვადგენთ. თუ გამოძიება მალე დასრულდება, მაქსიმუმ ორ წელში შენობის რეკონსტრუქციას დავამთავრებთ. დიდი გეგმები გვაქვს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამასთან, მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შესაბამისი განკარგულების მიღების გამო, მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსაც, იმიტომ, რომ განკარგულება მიიღეს – სადაზღვევო კომპანიას და ბანკებს დაავალეს, რომ ხალხს გვერდში დაუდგნენ, კრედიტები გადაუვადონ“, – განაცხადა საბავშვო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს, ხოლო ეროვნული ბანკი, მათ ფინანსურ ინსტიტუტებთან უშუამდგომლებს, რათა საბანკო ვალდებულებების გადავადება შესაძლებელი გახდეს.

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია დაზარალებულ მოვაჭრეებს, სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში შველზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა