“არანაირი თანხა კონკრეტული საქმიდან მას არ აუღია” – მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ძაგნიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავეს. საქმის მასალები დაკავებულის ადვოკატს უკვე გადაეცა.

ადვოკატი ამბობს, რომ ლევან ძაგნიძე უკვე წელიწადნახევარია თბილისის მერიის თანამშრომელი აღარ არის და ბრალდების მხარის მტკიცება თითქოს ძაგნიძე მერიასთან საკუთარ კავშირებს შესაბამისი საქმიანობისთვის იყენებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმეში დევს როგორც ვიდეო ასევე აუდიო მტკიცებულებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები – მოწმეთა ჩვენებები. თუმცა, როგორც ადვოკატი კახა კვაშილავა ამბობს, არც ერთი მტკიცებულება ლევან ძაგნიძის წინააღმდეგ არ მეტყველებს.

მისივე თქმით, ლევან ძაგნიძეს არ აუღია პროკურატურის მიერ დასახელებული თანხა 38 ათასი დოლარი, შესაბამისად არ არსებობს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.

„პროკურატურა მარტივად რომ ვთქვათ აპელირებს იმაზე, რომ ლევან ძაგნიძეს ჰქონდა კავშირები მერიასთან და შესაბამისად იყენებდა ამას საქმიანობისთვის. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ლევან ძაგნიძე წელიწადნახევარია მერიის თანამშრომელი არ არის, მას არანაირი გავლენა მერიის თანამშრომლებთან მიმართებაში არ ჰქონია.

ძაგნიძე რიგ შემთხვევებში კონსულტაციებს არქიტექტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმინოშვილს უწევდა. შესაძლებელია სხვებსაც უწევდა იმიტომ, რომ არის მაღალი დონის პროფესიონალი.

არანაირი თანხა კონკრეტული საქმიდან მას არ აუღია,“-განაცხადა ლევან ძაგნიძის ადვოკატმა კახა კვაშილავამ.

ლევან ძაგნიძის საქმეში არის კიდევ ერთ პირი – არქიტექტორი ვალერი მიმინოშვილი, რომელიც ასევე ბრალდებულია. მიმინოშვილის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს,

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძაგნიძემ და მიმონოშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს მშენებლობის ნებართვების სანაცვლოდ ფული გამოსძალეს.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე ხანძარია
შემდეგი სტატიაბოლო 100 წლის განმავლოაბაში პირველად დღეს დედამიწას გიგანტური ასტეროიდი “ფლორენსი” ჩაუვლის