არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას…

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან კონსულტაციებს იწყებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება არის თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა.

“არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იმავე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. არ მინდა, ეს გადადგომაც იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

“ჩაერთონ პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და მორალური ძალა, რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, რათა დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომელზეც არაერთხელ არაერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს, ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამართლებრივი პროცესის და საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიტო სამხარაძე – ოცნების უკანასკნელი ამოსუნთქვა?!
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: სერ დიტრიხ ესტეტიკ სამხარაძე არ ეშვება ანარქიას!!!