არაეფექტური გამოძიებები და სამართალდამცველების დაუსჯელობა – გახმაურებული საქმეები Amnesty International-ის მოხსენებაში

მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს – ნათქვამია Amnesty International-ის ახალ მოხსენებაში, საქართველოსთან დაკავშირებით.
„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, მათ შორის პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა საქართველოს ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს. არაეფექტური გამოძიებები, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სამართალდამცველების დაუსჯელობა საქართველოში მრავალწლიან პრობლემას წარმოადგენს. 2013-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა ასეთი შესაძლო დანაშაულების 72 ფაქტი დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში საქმეები აღძრული იყო, გამოტანილი სასჯელების შესახებ ომბუდსმენის ოფისს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მოხსენებაში.

მოხსენებაში მოყვანილია რამდენიმე გახმაურებული საქმე- დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობები, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, აფგან მუხთარლის, „ბირჟა მაფიას“ და დემურ სტურუას საქმეები.

„საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია დებს პირობას, რომ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს შექმნის. თუმცა, კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის შესახებ (შემოთავაზებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი) პარლამენტს განსახილველად მხოლოდ წელს გადაეგზავნა. შემოთავაზებული სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის დამოუკიდებლობა სერიოზულად არის კომპრომეტირებული, რადგან პროკურატურა “სამეთვალყურეო როლს” შეინარჩუნებს. ასევე არსეობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი სააგენტო ითანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან და შედეგად, რეალურად ეფექტური და დამოუკიდებელი არ იქნება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს – სერგეენკო