არაადეკვატურები არიან, გონიერება ივანიშვილს დღეგამოშვებით აქვს – ირაკლი ოქრუაშვილი

„ან არ სცალიათ, ან გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. მზად ვარ, ველოდები, პრობლემას ვერ ვხედავ,“ – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პროკურატურის მიერ მის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საუბროსას გააკეთა.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკითხვაზე დაბარების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა პირველ რიგში, „ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება. შესაბამისად, ოქრუაშვილი თვლის, რომ კანონის წინაშე მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„თუ უნდათ მათ, რომ თეთრზე დაწერონ შავი, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით. ადეკვატურობა მათ არ ახასიათებთ, პირიქით, არაადეკვატურები არიან. გონიერება ივანიშვილს დღეგამოშვებით აქვს, როგორც ჩანს. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და გადაწყვეტენ, ეს გააღრმავებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს და ბუნებრივია, გაცილებით ადრე დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„ის, რაც რუსთაველის გამზირზე სამი დღის წინ მოხდა, ეს იყო, პირველ რიგში, ინსპირირებული გახარიას და ივანიშვილის მიერ. თუ ვინმე ამაზე უნდა დაისაჯოს, თუ ვინმემ ამაზე კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, ეს არის, პირველ რიგში, ეს ორი ადამიანი და თავისთავად ის ცალკეული პოლიციელები, რომლებიც ძალადობას ახორციელებდნენ ხალხის წინააღმდეგ. არანაირი ინსპირაცია, არანაირი ხელშეწყობა ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ამ რაღაც ძალადობის გასაღვივებლად ადგილი არ ჰქონია,“ – აცხადებს ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაში2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას – სააკაშვილი
შემდეგი სტატია,,ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ნოეს კიდობანს”-ანა დოლიძე