“არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს!” – 8 აპრილს აქცია გაიმართება

8 აპრილს თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო და ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობები აცხადებენ, მონაწილეები ერთმანეთის პარალელურად: პარლამენტთან და სასამართლოს შენობასთან შეიკრიბებიან.

“ორშაბათს, 8 აპრილს, პარლამენტში ხელახლა იწყება რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცედურები. ამავე დღეს, ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება. ჩვენ პარლამენტთანაც და სასამართლოსთანაც ისტორიის სწორ მხარეს დავდგებით!

2023 წლის მარტში ქართველმა ხალხმა უკან დაახევინა ხელისუფლებას, რომელსაც განზრახული ჰქონდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროება და საქართველოს რუსულ ორბიტაზე მონიშვნა. მარცხით გაბრაზებულმა ხელისუფლებამ მალევე გადაწყვიტა, რომ შეერჩია და სამაგალითოდ დაესაჯა მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. ამის პარალელურად კი, მან ქართველი ხალხის უმთავრესი მონაპოვრის, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად გაწეული შრომის და კანდიდატის სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გადაწყვიტა.

ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ კავშირი იმ პროცესებს შორის, რომელიც პარალელურად ვითარდება პარლამენტსა და სასამართლოში! გთავაზობთ, რომ გადავნაწილდეთ და შევიკრიბოთ როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ! 1989 წლის 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ, ქართველ ხალხს ისევ უწევს ბრძოლა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ერთად დავიცვათ 9 აპრილის გმირების მონაპოვარი და არ დავუშვათ საქართველოს რუსეთიზაცია!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი “ჯაშუშების” გამოსავლენად – რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს
შემდეგი სტატიაკელი ოცნებაზე: როგორც ჩანს, EU-ის ისეთი წევრობა უნდათ, როგორც ორბანს – ასე არ იმუშავებს